თურქეთის მოქალაქეებს რუსეთის საზღვარზე პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ "ბი-ბი-სი"-ს მოსკოვში თურქეთის საელჩოში განუცხადეს.
"ჩვენი მოქალაქეები გვირეკავენ და ამბობენ, რომ საზღვარზე არ გაატარეს. მათ რუსული არ იციან, ამიტომ მიზეზი მათთვის უცნობია", - განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.
სააგენტო "როსბალტის" ცნობით, თურქეთის 30-მდე მოქალაქე საზღვრიდან თურქეთში გააბრუნეს. საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ საზღვარზე გაძლიერებულია თურქეთის მოქალაქეების შემოწმება.
დღესვე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან "აგრესიის აქტზე" საპასუხოდ, რუსეთი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში შეზღუდვებს აწესებს.