„მეზობელი რომელთანაც ევროკავშირს უფრო ძლიერი ურთიერთობების აშენება შეუძლია საქართველოა“

„მეზობელი რომელთანაც ევროკავშირს უფრო ძლიერი ურთიერთობების აშენება შეუძლია საქართველოა“

ლატვიელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი ანდრეის მამიკინსი აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობები ორიენტირებულია დიალოგსა და პარტნიორობაზე.

ეს განცხადება ლატვიელმა პოლიტიკოსმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე გააკეთა.

„საქართველო-ევროკავშირს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან წელს 23-ე წლისთავი აღინიშნება. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ორიენტირებულია დიალოგსა და პარტნიორობაზე. გასულ წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, საქართველოს შემდგომი განვითარება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა მამიკინსმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში მიღწეულმა პროგრესმა პროცესები წინ უნდა წასწიოს.

„საქართველო საჭირო რეფორმების განხორციელებაში დაწინაურდა არანაკლებად, თუ  მეტად არა, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა, რომელსაც უკვე აქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას რაც შეეხება, სპეციალური ანტიკორუფციული დეპარტამენტი, მთავარი პროკურატურის ფარგლებში, ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს, ფულის გათეთრებას, ტრეფიკინგს. დაწინაურებაა ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების მხრივ, ასევე ახალი პროგრესული კანონი საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით - ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რომ საქართველო უკვე ყველანაირად მზად არის წარმატებით დაასრულოს დიალოგი.  როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს ქვეყანა არა მხოლოდ ავითარებს მის კავშირს ევროპასთან, ასევე იქცევა, როგორც რეგიონალური გადამცემი ევროპული პროცესებისა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თანამედროვე, დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემით და კულტურით, რომელიც დაფუძნებულია ისტორიულ ტრადიციებზე, განსაკუთრებით მისი მართლამდიდებლური ეკლესიის და მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მნიშვნელოვანი როლით - ეს არის დღევანდელი საქართველო. ასე, რომ როგორც საპარლამენტო მომხსენებელს საქართველოს საკითხზე და ასევე, როგორც საქართველო-ევროკავშირის შემდგომი ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულ პიროვნებას,  მსურს აღვნიშნო, რომ მეზობელი, რომელთანაც ევროკავშირს ნამდვილად შეუძლია უფრო ძლიერი ურთიერთობების აშენება ეს არის საქართველოს რესპუბლიკა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.