თუ შნო და ლაზათი არ გაქვთ საქმის დასრულების, რატომ იწყებთ საქმეს? - ამ კითხვით მიმართა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს.
გია ცაგარეიშვილი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების პროკურატურაში დაკითხვით დაინტერესდა, კერძოდ, თუ რატომ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების დაბარება, მათ საქმეებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა და ვერ მოხდა მათი იძულებით საგამოძიებო უწყებაში მიყვანა.
ირაკლი შოთაძის განმარტებით, თუ დეპუტატი პროკურატურაში დაბარებულია, ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
"რადგან პრორურატურაში დაბარებული იყო დეპუტატი, არ ნიშნავს რომ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ეს ნიშნავს რომ მიმდინარე საგამოძიებო პროცესია და გამოძიების ყოველდღიური საქმიანობაა", - განმარტა ირაკლი შოთაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რამდენიმე დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს, თუმცა მათი ნაწილი მოწმის სახით დაკითხვაზე არ გამოცხადდა.