მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე მის წინამორბედთან ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრულ ურთიერთობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ფარცხალაძე ღირსეული ადამიანია.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გოკა გაბაშვილმა ირაკლი შოთაძეს შეკითხვა დაუსვა, თუ როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ნასამართლევი იყო.
როგორც გაბაშვილის კითხვის საპასუხოდ ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ის ოთარ ფარცხალაძეზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას, არ აპირებს.
"ჩემს მეგობარზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ, თქვენ ხართ პოლიტიკოსები და თქვენთვის მომინდვია შეფასება. დასამალი არაფერია, ოთარ ფარცხალაძე არის ჩემი მეგობარი, ის ღირსეული ადამიანია. ძალიან სამწუხაროა, რომ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის საჯარო სამსახურში აღარ მოღვაწეობს და მის მიმართ კიდევ კეთდება მსგავსი განცხადებები. თქვენ ცდილობთ, რომ მან არ დაკარგოს აქტუალურობა, მიუხედავად იმისა, რომ მას პროკურატურასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, ჩემთვის გასაგებია მიზანი, მე რა თქმა უნდა ჩემს მეგობარზე გული შემტკივა, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს საკითხი ამ ფორმატშია განსახილველი. მე ფარცხალაძემ პირველ მოადგილედ მაშინ დამნიშნა, როდესაც იგი მთავარ პროკურორად დაინიშნა, ფინანსურ პოლიციაშიც რამდენიმე თვე მასთან ვმუშაობდი, რამდენადაც ის იყო საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსი. იმაზე მსჯელობა, რომ ვინმე ვინმეს კადრია ან არ არის, ვფიქრობ ზედმეტია. ორივეს ჩვენი გზა გვაქვს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, პროკურატურის დღევანდელ საქმიანობაში ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობაზე საუბარი, არასწორი და ზედმეტია.
"რაც შეეხება ოთარის დღევანდელ მონაწილეობას პროკურატურის საქმიანობაში, ამაზე საუბარი ზედმეტია. მე ძალიან კარგად ვიცი, რით არის დღეს ფარცხალაძე დაკავებული. ამაზე სირიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ",- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.