ევროპარლამენტის წევრის, ჰეიდი ჰაუტალას განცხადებით, მიუხედავად საქართველოში არსებული ხარვეზების, ის არის ქვეყანა, რომელმაც აჩვენა, რომ მისი ევროპული მომავლის მიმართ ერთგულია.
ეს განცხადება ფინელმა პოლიტიკოსმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე გააკეთა.
„მიუხედავად საქართველოში არსებული ხარვეზებისა და გამოწვევებისა, მე მჯერა, რომ ის არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ის ქვეყანა, რომელმაც აჩვენა, რომ მეტად ერთგულია მისი ევროპული მომავლის მიმართ. 5 წლის წინ მე, პირადად, ნამდვილად ვერ დავიჯერებდი, რომ ერთ დღესაც ეს ქვეყანა შეიძლება მართლა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ეს შორეულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს ქვეყანა ძალას არ იშურებს და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მის ევროპულ არჩევანს. როგორც ვიცით, რუსეთის შავი ჩრდილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყველა ქვეყანას ახლავს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, საქართველოში სასამართლო რეფორმა გრძელდება.
„წინა რეჟიმთან შედარებით, მე მჯერა, რომ რეფორმები გაგრძელდა. არის შედეგებიც. ასევე, მე მჯერა, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა სასამართლო რეფორმაც გრძელდება. მართალია, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ „რუსთავი 2“-ის საქმეს, რომ ვაჩვენოთ ჩვენ ნამდვილად მხარს ვუჭერთ მედიის თავისუფლებას და ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ჩვენ ვიღებთ პოზიტიურ სიგნალებს, რომ საკონსტიტუციო სასმართლომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა აჩვენა პოლიტიკური წნეხის მიმართ და ამას ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ. ასევე, მჯერა, რომ ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარებს, გვაქვს დიდი ამოცანა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და სხვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულ ქვეყნებს, რომ გახდნენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი“, - აღნიშნა ჰაუტალამ.