ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, განვადებით მედიკამენტების გამოტანა მოსახლეობას ზედმეტ ტვირთად დააწვება.
როგორც სერგეენკომ ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე წლის დეკემბრიდან საქართველოში პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებული პროექტი დაიწყება.
„ყველა შეფასება, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებზე ჩატარდა, არის პოზიტიური. რჩება ერთი მთავარი გამოწვევა - უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომადობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე, ანუ, იმ მედიკამენტებზე, რომელსაც მოსახლეობა იღებს ბინაზე. საავადმყოფოში მისაღებს კი, სახელმწიფო უფინანსებს. ეს გამოწვევა რჩება. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი წლის განმავლობაში, ალბათ, ჩვენ შეგვეძლება, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომადობის გაზრდასთან დაკავშირებული პროექტი დავიწყოთ. რაც შეეხება მედიკამენტის განვადებით გამოტანას, მე არ ვიცი ვის და საიდან დაებადა ეს აზრი. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვენლოვანი შედეგის მისაღწევად, ნებისმიერი საშუალება მისაღებია, თუმცა, შემიძლია ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამის საჭიროება ალბათ არ იქნება, რადგან განვადებით გამოტანა, როგორც ადრე იყო, პენსიების ხარჯზე სესხის აღებამ, ძალიან დიდი ტვირთი დააკისრა ჩვენს პენსიონერებს. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, რომ არ დასჭირდეთ განვადება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე“, - აღნიშნა სერგეენკომ.