საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამის მერე უკვე ახალ „საპარლამენტო დედაქალაქში” შევხვდებითო.
ის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი ქუთაისში გადადის და, თუკი მანამდე რამე არ შეიცვალა, პრეზიდენტს ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა სწორედ ქუთაისის პარლამენტში მოუწევს, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არსებობს ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი სიტყვით საგაზაფხულო სესიის დაწყებისას მიმართავს.
მაგრამ პრეზიდენტის ამ ნათქვამში საინტერესო ის არის, რომ მან ახსენა „საპარლამენტო დედაქალაქი“, რომელიც სრულიად ახალი ტერმინია და მას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.
„ეს არის მთლიანად პოლიტიკური შეფასება, თორემ ასეთი ტერმინი „საპარლამენტო დედაქალაქი“, როგორც ცალკე სამართლებრივი კატეგორია მე არსად არ შემხვედრია. დედაქალაქის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ცხოვრება იქ მიმდინარეობს. თბილისის პოლიტიკურ დედაქალაქად ყოფნა უკვე პოლიტიკურად დამშეული ხდება.
ცხადია, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ეს ნათქვამი იმის მცდელობაა, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას პოლიტიკური დატვირთვა მიენიჭოს“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი.
ექსპერტი ვახტანგ ხმალაძეც ამბობს, რომ „ასეთი ცნება არ არსებობს. დედაქალაქი არის დედაქალაქი და ნიშნავს არა რაიმე კონკრეტული ინსტიტუტის თუ სფეროს დედაქალაქს, არამედ საერთოდ ქვეყნის დედაქალაქს და ამიტომ ქვია დედაქალაქი. დედაქალაქს აქვს თავისი სტატუსი და არაერთგზის მითქვამს, რომ ევროპაში მხოლოდ ერთი გამონაკლისი ვიცი, როდესაც პარლამენტი არ არის დედაქალაქში. სხვაგან ასეთი რამ არსად არ არის, მით უმეტეს, რომ პარლამენტი სხვა ქალაქში იყოს და მთავრობა სხვა ქალაქში“.
საინტერესოა პრეზიდენტს ახალი ტერმინის გამოგონება რისთვის დასჭირდა და ხომ არ იქმნება იმის წინაპირობა, რომ დედაქალაქის საერთოდ ქუთაისში გადატანა მოხდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურს და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ეს იმის გამო თქვა, რომ პარლამენტი იქნება ქუთაისში.
ეს რომ ასე იყოს, მაშინ „საპარლამენტო ქალაქის“ თქმაც საკმარისი იქნებოდა.
„ეს ობიექტურად აქეთკენ არის მიმართული. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იყოს და ამ ვარაუდის ფონად იმას დავდებ, რომ კონსტიტუციის თავდაპირველი ჩანაწერი პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან მიმართებით იყო ის, რომ უნდა ჩატარებულიყო მხოლოდ სხდომები. შემდეგ კი უკვე მთლიანად მოხდა გადატანა და ეს პროცესი ეტაპობრივად განვითარდა. შესაბამისად, შესაძლოა, ეს ქუთაისის გადედაქალაქების განზრახვა იყოს. თუმცა, ეს ვარაუდია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ აღმაშენებელმა სიცოცხლე შეალია თბილისში დედაქალაქის გადატანას და ქვეყნის გაერთიანებას, აღმაშენებლის საფლავზე ფიცდადებული ადამიანი კი ამ ორივე მიმართულებით საპირისპიროდ მოძრაობს,”- ამბობს ზურაბ ჯიბღაშვილი.
ვახტანგ ხმალაძე კი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ნათქვამი გარკვეულწილად სწორედ საამისოდ ნიადაგის მოსინჯვაც იყო.
„პარლამენტის გადატანა ხომ განზრახული აქვთ და, როგორც ჩანს, ახალი ტერმინი მოიგონა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთ უაზრობას იგონებენ. სააკაშვილი რას ფიქრობს, ეს ღმერთმა უწყის. მაგრამ ხომ არის ის მოსაზრება, რომ თბილისზე არამარტო განაწყენებულია, არამედ ვერ იტანს ამ ქალაქს და ეტყობა, ცდილობს ამ ყველაფრის აქედან გადატანას. მოვა არჩევნები და გამოჩნდება, რა იქნება და როგორ იქნება“, - ამბობს ხმალაძე.