მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებასა და გაძლიერებას მიიჩნევს. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გაძლიერდეს მაქსიმალურად და ამ მიმართულებით ჩვენ ყველამ ერთად დიდი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა შოთაძემ.
როგორც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, მიუხედავად მანამდე გაწეული სამუშაოსი, ამ მიზნით 2015 წელის მარტში საქართველოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა.
"აღნიშნული დეპარტამენტი ორიენტირებულია იმ საჩივარ-განცხადებებზე და დანაშაულებრივ ფაქტებზე მოახდინოს რეაგირება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდეა მომხდარი და რომელზეც საქართველოს პროკურატურაში შემოსულია ათასობით განცხადება-საჩივარი. ეს განცხადებები ძირითადად ეხებოდა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტები, ასევე ამ დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ძალადობრივი დანაშაულებრივი ფაქტები ისეთები, როდესაც ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას, მათ მიმართ არადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში მკვლელობას და სხვა დანაშაულებრივ ქმდებებს", - განაცხადა შოთაძემ და დეპარტამენტის დაკომპლექტების წესის შესახებ ისაუბრა.