მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პროკურატურის ერთ-ერთ გამოწვევად საზოგადოებაში ნდობის ნაკლებობას მიიჩნევს. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, პროკურატურა, როგორც ინსტიტუცია, დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.
"მათ შორის, მე გამოვყოფდი საზოგადოებაში ნდობის ნაკლებობას, რაც სხვადასახვა მიზეზით არის განპირობებული. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წლების განმავლობაში ქვეყანაში გამეფებული ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო, რომლის ფეხულში ჩაბმა თავის დროზე საქართველოს პროკურატურასაც მოუწია, რის შედეგადაც საზოგადოების თვალში ჩვენი სტრუქტურა იმ დამსჯელი მანქანის ერთ-ერთ მამოძრავებელ ელემენტად ჩამოყალიბდა, რომელსაც მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ელიტა თავისი მიზნებისთვის იყენებდა. უსამართლობის შეგრძნება, რომელიც მაშინდელი სამართალწარმოების პროცესში უპერეცედენტო სიმკაცრით, ადამიანის ძირითადი უფლებების უგულვებელყოფით იყო გამოწვეული, საზოგადოებში კვლავ საკმაოდ ღრმად არის დაბუდებული", - განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, ცალსახაა, რომ ეს იყო და დღესაც არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც არა მარტო საზოგადოების ცნობიერებაში არის დალექილი, არამედ გამოხატულია ათასობით საჩივარ-განცხადებებში.
"ეს საჩივარ-განცხადებები ჩვენი თანამოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებს ეხება და რომელთა გამოძიება და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების აღდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა და ვალდებულებაა. ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურას ამ ეტაპისთვის დიდი სამუშაო აქვს განხორციელებული", - განაცხადა შოთაძემ.
მისივე თქმით, სისტემური უფლებების დარღვევაში ჩართულები იყვნენ მაშინდელი თანამდებობის პირები, რის შედეგადაც გამოძიებების ფარგლებში, დაწყებულია მრავალი სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. მათ შორის, ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მინისტრები, მერები და ა.შ.
"ნაწლის მიმართ დღესდღეობით განაჩენი უკვე დამდგარია, ნაწილზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ რიცხვის სიმრავლიდან გამომდინარე, იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ფორმით, გამოითქვა ეჭვები საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში შესაძლო პოლიტიკური გავლენის არსებობის შესახებ, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი პროკურატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სწორედ ამ ეჭვების გაქარწყლება. იმის გაქარწყლება, რომ რეალურად ამ საქმეებს არანაირი შემხებლობა არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური დევნასთან და სახეზეა უბრალოდ კრიმინალი, რომელზე რეაგირება და ადეკვატური პასუხის გაცემა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა", - განაცხადა შოთაძემ.