თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭირვალე და დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდება

თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭირვალე და დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდება

თუკი საქართველოს მთავარ პროკურორად ამირჩევთ, ექვსი წლის განმავლობაში, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭირვალე, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა გახდება, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, - აღნიშნული განცხადება მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი შოთაძემ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც შოთაძემ განაცხადა, მან პროკურატურის სისტემაში ყველა იერარქიული საფეხური გაიარა და კარგად იცნობს იმ საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებს, რომლის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები დგანან.

"იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტის მხარადაჭერას მივიღებ, ეს იქნება დიდი პატივი, პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა და შანსი იმისა, შევძლო ჩემი ხედვების ცხოვრებაში გატარება პროკურატურის განვითარების და დამოუკიდებლობის გამყარების მიმართულებით. მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ვიწყებთ თანამედროვე პროკურატურის ერთად მშენებლობას – ისეთი პროკურატურის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული საზოგადოება იმსახურებს. 2006 წლის 3 აპრილს, როცა პროკურატურაში სტაჟიორად მუშაობა დავიწყე, რა თქმა უნდა, ვერ წარმომედგინა, რომ დაახლოებით ათი წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავარი პროკურორის კანდიდატად წარდგომა მომიწევდა. ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურაში ყველა იერარქიული საფეხური გავიარე – მუშაობა დავიწყე სტაჟიორად და ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ვმუშაობ. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ის საჭიროებები და პრობლემატური საკითხები, რის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები ყოველდღიურად დგანან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

შოთაძემ მადლობა გადაუხადა საინიციატივო ჯგუფს და იუსტიციის მინისტრს, რომელმაც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა, ასევე საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მთავრობას.