ბარაქ ობამა - აშშ გააგრძელებს ბრძოლას

ბარაქ ობამა - აშშ გააგრძელებს ბრძოლას "ისლამურ სახელმწიფოსთან", ვიდრე ის მთლიანად არ განადგურდება

აშშ ყველაფერს გააკეთებს ტერაქტების აღსაკვეთად როგორც ამერიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და გააგრძელებს ბრძოლას დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერაყსა და სირიაში, ვიდრე ის მთლიანად არ განადგურდება. ამის შესახებ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.
"გასაგებია, რომ ადამიანები წუხან საკუთარი უსაფრთხოებისთვის, მით უმეტეს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ", - აღნიშნა ობამამ. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ამერიკის ხელისუფლება დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს, რათა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკის სპეცსამსახურები არ ფლობენ რაიმე სახის მონაცემებს ამერიკის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით. "ჩვენ არ გვაქვს სარწმუნო და კონკრეტული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში რაიმე შეთქმულების შესახებ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
"ისლამური სახელმწიფოს" განადგურების კუთხით, აშშ აპირებს გაააქტიუროს სამხედრო ოპერაცია ერაყსა და სირიაში და უფრო მჭიდრო კოორდინაცია დაამყაროს კონტრტერორისტულ კოალიციაში მოკავშირეებთან. ბარაქ ობამას თქმით, შესაბამისი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან.