"აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროკომისარი დღეს მონაწილეობას მიიღებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრაში.
27 ნოემბერს დაგეგმილია ევროკომისარის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ამასთანავე, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს საჯარო ღონისძიებაში - ,,ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები" (New European Neighborhood Policy and perspectives of regional cooperation)
"აღსანიშნავია, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომიასრი საქართველოს წელს უკვე მეორედ ეწვევა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.