დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხისა და საქართველოს ათწლეულების მიზანი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.
როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2012 წელს არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ოპერაცია დაიწყო, 3 წლის თავზე მან სასამართლოს სრული კონტროლის ბოლო ფაზა დაამთავრა და "რუსთავი 2"-ზე შეტევის ბოლო ნაბიჯი დაიწყო.
„ურთმელიძის ხელით გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავდა მთლიანად "რუსთავი 2"-ის გაუქმებას, როგორც თავისუფალი სიტყვის სიმბოლოს და ხელში ჩაგდებას და შეზღუდვას იმ თავისუფალი გარემოსი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მანამდე, ვიდრე თქვენ მოხვიდოდით ხელისუფლებაში ", - განაცხადა მინაშვილმა.
მისივე თქმით, ამის შედეგად საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილის მეთაურობით, კრიტიკის მწვავე ქარცეცხლში მოხვდა და ყველა მეგობარმა და პარტნიორმა ერთად ამოიღო ხმა ივანიშვილის წინააღმდეგ. მინაშვილმა მაგალითად რამდენიმე ევროპელი მაღალჩინოსნის და საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაც დაასახელა.
"ამ განცხადებებს გააჩნია ერთადერთი სულისკვეთება, რომ ივანიშვილის მთავრობამ და მისმა პაიკებმა, რომლებმაც დაიწყეს ეს მძიმე ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, უკან დახია საქართველო დემოკრატიის კუთხით. ამ ოპერაციამ საფრთხის ქვეშ დააყენა მედიაპლურალიზმი და საქართველოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. ამ ოპერაციის შედეგად, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება 2016 წელს პარლამენტის არჩევნების ლეგიტიმურობა. ამ ოპერაციის შედეგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს ევროპული მომავალი. ყველა ჩვენი პარტნიორი, თანამოაზრე და მეგობარი ერთხმად გაიძახის, რომ სწორედ "ქართული ოცნებაა" ის ხელისუფლება, რომელმაც გაუგონარი რაღაც ჩაიდინა საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის ბევრი დამადასტურებელი ფაქტია და მათ შორის, ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დახურული სხდომა მოითხოვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა", - განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, ეს სხდომა როგორც წესი, ტრადიციის შესაბამისად, ღიაა და დისკუსია, მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც მინაშვილი აცხადებს, ხელისუფლებამ იცოდა, რომ საქართველოს მეგობრების მხრიდან ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ კრიტიკისა და შეტევის ტალღა იქნებოდა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს სხდომა უნდა დახურულიყო.
„მაგრამ ბუნებრივია, ხელის ჩამოშვებას არავინ აპირებდა. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის, მათ შორის, იმათი, ვინც იდგა წვიმაში, ქარში "რუსთავი 2"-ის წინ, პრინციპული და პროფესიონალი ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პატიების, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით თქვენ ეს შეტევა ვერ განახორციელეთ და წარმატებით ვერ დაასრულეთ, თუმცა ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ღირსი იყოთ ქართველი ხალხის ხელისუფლებაში, ამიტომაც თქვენი ხელისუფლება დასრულებულია და ამას ძალიან მალე დაინახავთ", - აღნიშნა მინაშვილმა.