ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით ბიზნესთან არასაკმარისი კონსულტაციები იყო, - ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ბიზნესომბუდსმენი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.
როგორც გახარიამ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასაკმარისი კონსულტაციები იყო, არ არის სწორი, რადგან კონსულტაციები იყო ხანგრძლივი და საკმაოდ ინტენსიური.
"ჩვენ პირდაპირ ვიყავით ჩართულები. ამ კონსულტაციების შედეგი რამდენად კომფორტულია ბიზნესისთვის ეს სხვა საკითხია. იყო საუბრები მოცულობაზე. თუ რა მოცულობით უნდა გაზრდილიყო. ამაზე ბევრი დავა მიმდინარეობდა. იყო საუბარი ადვალურ შემადგენელ ნაწილზე", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, თანბაქოს ნაწილთან დაკავშირებით საქართველოს აქვს კონკრეტული ვალდებულებები ევროკავშირთან, რომელიც უნდა შესრულდეს. გახარიას განცხადებით, თამბაქოს აქციზის გაზრდის თემა ცნობილი იყო ერთი წლის წინ, როდესაც მისი გაზრდის პირველი ეტაპი დაიწყო.
"უფრო მეტიც, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხანგრძლივი კონსულტაციების საშუალებით ჩვენ რაც მოვახერხეთ იყო ის, რომ მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ უკვე ფაქტობრივად წარმოადგინა სამუშაო გეგმა, რა ტემპებით და რა ზომებით მოხდება აქციზის შემდგომი ზრდა. ამაზე მუშაობა მიდის და კომპანიებს წინასწარ ეცოდინებათ. ეს არ იქნება შემდეგი წელი, ეს იქნება დაახლოებით ხუთ წელზე გაწერილი გეგმა", - განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, რატომ არ იყო ეს გეგმა შარშან, გახარიამ აღნიშნა, რომ ალბათ კომპანიები ნაკლები დაჟინებით მოითხოვდნენ ამას. "როგორც კი ეს თემა დადგა, ჩვენ მთავრობას ვთხოვეთ და ასეთი გეგმა არის. ვიცი, რომ სამუშაო ფორმატში ეს შემდგარია და უახლოეს პერიოდში ეს ცნობილი გახდება კომპანიებისთვის", - აღნიშნა გახარიამ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, 2016 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატება იგეგმება.