უკრაინა რუსული გაზის შესყიდვას წყვეტს. როგორც უკრაინული გამოცემა "ლიგა" იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაავალოს უკრაინის "ნავტოგაზს" შეაჩეროს რუსული გაზის შესყიდვა. მათ შეეშალათ - ისინი კი არ გვაწვდიან გაზს - გაზს ჩვენ ვყიდულობთ მათგან", - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.
მისი თქმით, რუსეთის ნაცვლად, უკრაინა გაზს ევროპელი პარტნიორებისგან შეისყიდის.
უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში რუსული გაზის მოხმარების მოცულობა 20%-ით არის შემცირებული.
მანამდე სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განუცხადა, რომ რუსული გაზის მიწოდება "ნეფტოგაზ უკრაინისთვის" დღეიდან წყდება, გამომდინარე იქიდან, რომ ავანსის გადახდა დასრულდა, დამატებითი თანხები კი არ მიგვიღია. მისი თქმით, "ნეფტოგაზ უკრაინას" მხრიდან გაზის მიწოდებაზე განცხადება არ მიუღიათ, შესაბამისად, გაზის მიწოდება წყდება უკრაინული კომპანიის მიერ ახალი გადასახადების გადახდამდე.