თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ესკალაცია არ სურს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ მან სტამბოლში, ეკონომიკურ კონგრესზე განაცხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად მოქმედებდა.
"ჩვენ ამ ინციდენტის ესკალაციის ზრახვა არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენი ძმების უფლებებს ვიცავდით", - განაცხადა ერდოღანმა და იქვე დასძინა, რომ თურქეთის პოლიტიკა სირიასთან მიმართებაში არ შეიცვლება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსულმა "სუ-24"-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მისი განმარტებით, თვითმფრინავი სირიაში ჩამოვარდა, თუმცა ფრაგმენტების ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე გაიფანტა, რის შედეგად თურქეთის ორი მოქალაქე დაშავდა.
როგორც სააგენტო "როიტერი" აღნიშნავს, სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარი შემთხვევა - ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია რუსეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყანას შორის ბოლო 50 წლის განმავლობაში.