ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა შვეიცარიის პარლამენტის წევრი კეტი რიკლინი.
შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, პროცესი სავარაუდოდ წინასწარ განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება.
საქართველოს საგრეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ხსენებული სივრცის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, მნიშვნელოვნად ამაღლდება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა.
შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენების თაობაზე, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ დღეისათვის არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევროპაში მიგრანტების ნაკადის ზრდა, არ აისახება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაზე.