მარტვილელები სახელმწიფოსგან მიტაცებული მიწების დაბრუნებას მოითხოვენ

მარტვილელები სახელმწიფოსგან მიტაცებული მიწების დაბრუნებას მოითხოვენ

მარტვილის რაიონის, სოფელ ვედიდკარის მოსახლეობამ საკუთრებაში არსებული მიწების სახელმწიფოსგან მიტაცებისა და გასხვისების ფაქტი დღეს სენაკის რაიონულ პროკურატურასთან გააპროტესტა. იმ უწყებასათან, სადაც ქვეყნის მთავარი პროკურატურიდან შემდგომი რეაგირებისათვის როლანდ ახალაიას დაწესებულებაში გადმოგზავნილი წერილი თაროზე ჩამოსადებად მოხვდა. სამართლისა და წართმეული 40 ჰექტარამდე მიწის მესაკუთრის ძიებაში მარტვილიდან სენაკში ჩასულმა ვედიდკარელებმა პროკურატურიდან პასუხი ვერც დღეს მიიღეს.

ვედიდკარელი გიორგი ყურუა presage.tv-სთან საუბარში ამბობს, რომ მათი პრობლემით ძალოვანი უწყებები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ, როცა სოფლის მოსახლეობამ  მიტაცებული მიწების შემოღობვის ფაქტი გააპროტესტა და ტერიტორიაზე შემოვლებული ხის მესრები გაარღვია. მაშინ, მარტვილის პოლიციის განყოფილებაში „სხვისი ქონების“ ხელყოფის ბრალდებით დაკითხვაზე რამდენიმე ათეული ვედიდკარელი ქალი და მამაკაცი მიიყვანეს.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, კონსტანტინე ესვანჯია ხელისუფლების ქმედებას ტერორს უწოდებს და აცხადებს, რომ 2002 წლიდან მის საიჯარო სარგებლობაში არსებული 10 ჰექტარი მიწის ფართობი 6 წლის შემდეგ ისე წაართვეს, რომ მიწის გადასახადის თანხის ანაზღაურებას დღემდე აიძულებენ. „2008 წლიდან 2010 წლამდე მიწის იჯარის გადასახადი 1500 ლარამდე გადავიხადე ისე, რომ არ მისარგებლია. ამ დროისათვის „ფერერო“ უკვე მუშაობდა ჩემს ფართობზე. მიწა მაინც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული და საგადასახადო სამსახურიდან ქვითარი მომდიოდა. 2011 წელს არ გადავიხადე და საბანკო ანგარიშები დამიყადაღეს,“ - აცხადებს ესვანჯია.

ვედიდკარელები პროტესტს დღეს საძოვრების განადგურების გამოც გამოთქვამდნენ და ამბობნენ, რომ ხელისუფლებამ მათ ერთადერთი საარსებო წყარო, მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის შენახვისა და რძის პროდუქტებით სარგებლობა მოუსპო.

გული სანიკიძე: „მუდმივად გვიკიჟინებს ხელისუფლება, რომ ის საძოვრები კი არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იყოო. თუ მართლაც ასე იყო, მაშინ საქონელს იქ ვინ აბალახებდა და დამუშავებულ მიწის ფართობებზე ვინ შეუშვებდა. გაგვაბრიყვეს, ჭალაში გამოგვამწყვდიეს. ჩვენი მარჩენალი საქონელი დღეს გაძვალტყავებული დგას ქუჩაში. ხელისუფლებამ საქონლის გასარეკად სენაკის რაიონის სოფელი გეჯეთა შემოგვთავაზა, წარმოგიდგენიათ? ცხენოსანი კაციც ვერ გაივლის იმ უღრან ადგილებში, ან მეზობელ რაიონში როგორ გაგვეშვა საქონელი საბალახოდ. ახლა კი გავიგეთ, რომ ის ფართობებიც გაუყიდიათ.“

ზურაბ ყურუა: „ეს მიწები ხალხს კანონიერად ეკუთვნის და თუ მას ხელისუფლება ართმევს, სიცოცხლის უფლებასაც უსპობს. ჩვენი სოფელი ტრადიციულად მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს. თუ გლეხს მიწა წაართვეს, თუ საქონლის ყოლის საშუალება არ მისცეს და პრეზიდენტმა იძახოს სოფლის მეურნების ასაღორძინებლად ყველაფერს გავაკეთებ, ფონდებიდან თანხებს გამოვყოფო, ვისთვის ჩარიცხავს, თუ მიწა და საქონელი არ მექნება? თუ პირდაპირ ჩამირიცხავს ვინმე ფულს ანგარიშზე, მიდი და იცხოვრეო?“

სოფლის მოსახლეობის გულისტკივილს კულტურული ძეგლის განადგურებაც იწვევს, რომელიც ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მე-4-8 საუკუნით თარიღდება და ადგილობრივები „ზუგუს ნაჭვს“ ეძახიან. „არქეოლოგები 90-იან წლებში გათხრებსაც აწარმოებდნენ, მაგრამ უსახსრობის გამო მაშინ ექსპედიციამ ეს ადგილები დატოვა. ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ იქ ნაპოვნი ძვირფასი ლითონის სამკაულები და სხვა ნივთები უნიკალურია. მაშინ, როცა „ფერერო“ ფართობების შემოსაღობავად ორმოებს თხრიდა, მიწიდან თიხისა და ლითონის ნივთები იყრებოდა. როგორც იცით, პასუხს არავინ გვაძლევს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს წინასაარჩევნო დუმილს ჰგავს. ხალხის სამართლიანი აჯანყება, რომლის საფუძველი მართლაც არსებობს, სააკაშვილის ხელისუფლებას დღეს არ აწყობს. ამის მიუხედავად, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საკუთარი მიწისა და უფლებების დასაცავად.“

ვედიდკარის მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით presage.tv დღეს სენაკში მყოფ გიორგი ცაგარეიშვილსაც ესაუბრა. პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პარლამენტარმა სწორედ ამ სოფლის გასაჭირზე ისაუბრა და მთავარ პროკურატურასაც წერილობით მიმართა.

„ეგრეთ წოდებული ინვესტორები იტაცებენ დღეს ქართულ მიწებს და ჩვენი ქართველი გლეხები უმიწოდ რჩებიან. დაუფარავად ყაჩაღობენ ინვესტორებს ამოფარებული ახალაიასა და გოროზიას კლანის წარმომადგენლები, ისინი პირდაპირ ძარცვავენ მარტვილელებს. ამ რაიონიდან 30-მდე კაცი იყო ჩამოსული თბილისში. მაშინ პარლამენტარებმა ამ საკითხს ყური არ ათხოვეს. რა თქმა უნდა, ეს ნაციონალური მოძრაობის  საქმე არ არის. გადავწყვიტეთ, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციის ძალებით საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გავმართოთ საპროტესტო აქცია და მარტვილელებს პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ,“ -განაცხადა ცაგარეიშვილმა.