გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, ბადრი ირემაძის დედის, მერი ირემაძის განცხადებით, მისი შვილი საქართველოდან აგვისტოს ბოლოს წავიდა. მერი ირემაძე ადასტურებს, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოში ოთხი მებრძოლიდან ერთ-ერთი თავისი შვილია. მისივე თქმით, წასვლისას ბადრი ირემაძემ უთხრა, რომ თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიოდა, რათა ვალები გადაეხადა.
"ჩაის საკრეფად მივდივარო, დამემშვიდობა. ვალები მაქვსო, თქვა და უნდა გადავიხადოო. აგვისტოს ბოლო იქნებოდა. შემდეგ, ერთ-ერთი სირიაში წასულის მშობლისგან გავიგე, რომ სირიაში არიანო", - განაცხადა ირემაძემ.
მისივე თქმით, შვილმა წერილიც გამოუგზავნა, სადაც დედას პატიებას სთხოვს.
"წერილში წერს, რომ მაპატიე ყველაფერი თუ რამე გატკინეო. ვალები მაქვს ცოტა და თხილის ფულით გადაიხადეო და თუ ჩემი შვილი მოევლინა ქვეყანას, მიმიხედეო", - აღნიშნავს ირემაძემ.
მისივე თქმით, ბადრი ირემაძე ორი წლის წინ დაოჯახდა, ორი თვის წინ კი შვილი შეეძინა, თუმცა ცოლთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა.
მერი ირემაძის თქმით, შვილმა უთხრა, რომ მუსლიმების დასახმარებლად წავიდა სირიაში, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბადრი ირემაძის დედა არ საუბრობს. ბადრი ირემაძე 32 წლისაა.
ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.