თეოფილე III: საქართველოს ხელისუფლება ვერაგი ძალების ინსტრუმენტი გახდა

თეოფილე III: საქართველოს ხელისუფლება ვერაგი ძალების ინსტრუმენტი გახდა

„ჯვრის მონასტრის საკითხის და საქართველოსთვის მისი „დაბრუნების“ წამოწევით, მისი ხელისუფლება მესამე ძალის ხელში, რომელიც ისრაელსა და ბერძნულ ეკლესიას შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, ბრმა იარაღად იქცა“, - ასეთია იერუსალიმის პატრიარქის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებაზე, თითქოს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თაობაზე ისრალეის მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იერუსალიმის ბერძნული ეკლესიის წინამძღოლიი, ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მან ონლაინგამოცემა IzRus მისცა, ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერია ცნობილი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც.

თეოფილე III ამბობს იმასაც, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ამ განცხადებამდე – მონასტრის გამოსყიდვის თაობაზე, იერუსალიმის საპატრიარქოს ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი საუკავშირდა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, შუამავლების მეშვეობით, ქართველმა ბიზნესმენებმა მოგვმართეს და მონასტრის გამოსყიდვა შეგვთავაზეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. 

სწორედ გამიგეთ – როლი, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ რეგიონში და იერუსალიმში ითამაშა ძალზედ დიდია. ჯვრის მონასტერი, რომელიც ქართველებმა დაარსეს, განათლების ერთ–ერთი ცენტრი იყო.

ქართული ეკლესიის წარმოგზავნილები აქ მეტად კონსტრუქციულ პოზიციას იკავებდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების კამათში და ყოველთვის ცდილობდნენ კონსენსუსის მიღწევას. ბუნებრივია, ეს ადგილი დაკავშირებულია დიდი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელთან და შეუძლებელია ქართველი ხალხისთვის ძვირფასი არ იყოს.

ბერძნულმა საპატრიარქომ ეს მონასტერი 300 წლის წინ შეიძინა, როდესაც ის, სამწუხაროდ, დაცემას განიცდიდა. ჩვენ შევეცადეთ შეგვენახა ეს მონასტერი და განგვევითარებინა ის“, - აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა. 

იერუსალიმის პატრიარქის განცხადების შემდეგ, რომ საპატრიაქროს მონასტრის გამოსყიდვის თაობაზე შუამავლების დახმარებით ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი დაუკავშირდა, ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა არ გამორიცხა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხში ჩართული იყო ბიძინა ივანიშვილი, ხოლო საქართველოს ხელისუფლება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე სწორედ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც აღნიშნულის შესახებ შეიტყო. 

„ვფიქრობ, ამ ამბის გაგების შემდეგ დაიწყო ხელისუფლებამ ტყუილების მთელი სერია. როგორც აღმოჩნდა, ის ამ საკითხზე ისრაელის მხარესთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ხელისუფლების მიზანი იყო ერთი – რადგან თავად ვერ აკეთებდა, სხვისთვისაც არ მიეცა საშუალება ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გაეკეთებინა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

სააკაშვილმა ინფორმაცია ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ოკუპაციის კვირეულის დღეებში საქართველოს გასაბჭოების დღეს, 25 თებერვალს, გორში გაახმიანა.

"რამდენიმე დღის წინ შევქმენი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს. წელს იწყება თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და სხვა ქართული ძეგლების აღდგენა თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების ფარგლებში“, -განაცხადა სააკაშვილმა.

აშკარაა, რომ სააკაშვილის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული სახელმწიფოსათვის დაბრუნების საკითხზე მომუშავე ჯგუფის შექმნის შესახებ არაფერი იცოდნენ მისი მთავრობის წევრებმაც.

კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა შეეცადა არ შეემჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო, ამიტომ ჯგუფის წევრების არდასახელების მიზეზად „კონფიდენციალობა“ მოიშველია.

"საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება ადვილი საქმე არ არის, ეს ძალიან რთული პროცესია. ნაადრევი დასკვენების გაკეთება რეზულტატისთვის სასარგებლო არ იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობას და ტექნიკურ საკითხებს კონფიდენციალურად ვტოვებ, რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ მიღირს“ , - განაცხადა რურუამ.

პრეზიდენტის მიერ ჰაერში გასროლილი სიტყვებს მეტი დამაჯერებლობა ვერც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შესძინა. ნინო კალანდაძემ კომენტარი არა როგორც უკვე მომუშავე, არამედ მომავალში შესაქმნელ ჯგუფზე გააკეთა.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა უარყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კერძოდ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშრებული საკითხები ეკლესიასთან „მჭიდრო კავშირის“ შედეგად გადაწყდება და ამ მიმართულებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„საკითხის გადასაწყვეტად მუშაობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ისრაელში. ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რადგან მრავალი სამართლებრივი საკითხია გადასაწყვეტი“, - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხზე მუშაობა „მიმდინარეობდა და მიმდინარეობს“.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ ურთიერთშეუთანხმებელი განცხადებების და ისრაელის მთავრობის წარმომადგენელთა კომენტარების შემდეგ აშკარაა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე მომუშავე ჯგუფი სინამდვილეში ჯერ არ შექმნილა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 25 თებერვალს გორში, სამხედრო აკადემიაში სტუმრობისას  გაკეთებული განცხადება სინამდვილეში მხოლოდ ქართული მხარის სურვილის გახმიანება იყო. სურვილის, რომელიც ისრაელში ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმაც გაახმიანა.

„ჯვრის მონასტერი, თქვენ იცით, რომ ქართული მონასტერია. ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე“, - აღნიშნა ილია მეორემ.

ისრაელში, პალესტინაში მდებარე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ისტორიული ცნობების თანახმად, ბერძნები ქართულ მონასტერს და მის ქონებას ჯერ კიდევ 1749 წლიდან დაეუფლნენ. შესაბამისად მონასტრის დაბრუნებისთვის ქართულ მხარეს არცთუ მარტივი სამუშაოების ჩატარება, როგორც ისრაელის, ასევე ბერძნულ მხარესთანაც მოუწევს.