"პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე პიროვნებების დაკავების უფლება არ უნდა ჰქონდეს"

„თავისუფალი დემოკრატების“ სარჩელი, რომლებიც აპროტესტებენ, რომ პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე პიროვნებების დაკავების  უფლება არ უნდა ჰქონდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი ლევან იზორია Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიიყვანეს ხაშურის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძე, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა. 

- მე-9 პრიმა მუხლის პირველ და მეორე პუნქტში ასეთი რამ წერია, რომ პოლიციელს გონივრული ეჭვის საფუძველზე პიროვნების შეჩერება შეუძლია, ხოლო მეორე პუნქტში წერია, რომ პოლიციელს, ასევე, გონივრულ ვადებში შეუძლია, შეჩერებული პირის თავისუფლება შეზღუდოს. რასაკვირველია, ეს არაკონსტიტუციური ნორმებია, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლს. კერძოდ, პიროვნების თავისუფალი გადაადგილების უფლებას, რაც პოლიციელს თვითნებური მოქმედების საფუძველს აძლევს. პოლიციელმა არ იცის, კონკრეტულად რა გარემოებების შემთხვევაში შეიძლება, შეაჩეროს პირი, რაც კანონმდებელს უნდა დაეკონკრეტებინა. ასევე, პოლიციელმა არ იცის, თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ რა საპოლიციო მოქმედებას ახორციელებს. ეს არ წერია არცერთ ნორმაში. მოკლედ, ყოველგვარი ოქმის გაფორმების გარეშე აჩერებენ ადამიანს. ე.წ. გონივრული ვადის ფარგლებში შეჩერებულ პირს არავითარი სტატუსი არ აქვს, იგი უუფლებოა.

წინასწარ ვამბობდით, რომ ასეთი შემთხვევები, შეიძლება, სავალალო შედეგით დამთავრებულიყო, ანუ, ყოველგვარი საზღვრის გარეშე მოქცეოდა პოლიციელი მოქალაქეს, რითაც თვითნებობის ზღვარი არ გამოჩნდებოდა. ამის ნათელი მაგალითია სწორედ ის ფაქტი, რაც ერთი კვირის წინ ხაშურში მოხდა, როდესაც სოლომონ ქიმერიძე ყოველგვარი სტატუსის გარეშე, ანუ ე.წ. გონივრული ეჭვით ჰყავდათ პოლიციის შენობაში მიყვანილი და თავისუფლება შეზღუდული. არავითარი სტატუსი ამ პიროვნებას არ ჰქონდა და პოლიციელებს, რომლებმაც იგი შეაჩერეს ან დააკავეს, ეჭვი ჰქონდათ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ანდა, შესაძლოა, მომავალში ჩაიდენდა დანაშაულს.

სწორედ, მე-9 პრიმა მუხლი აძლევს პოლიციელს ასეთი თვითნებური ქმედების განხორციელების საფუძველს, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით და სარჩელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. სოლომონ ქიმერიძის ფაქტმა კიდევ უფრო მეტი სიმწვავე მისცა ჩვენს დამოკიდებულებას ამ არაკონსტიტუციური ნორმის მიმართ. ორშაბათს მივიღეთ ინფორმაცია, რომ გუშინ ჩატარებულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ეს საქმე. თუ როდის იქნება არსებითი განხილვა, არ ვიცით. მათი მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანას უნდა დაველოდოთ. კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის და, შესაბამისად, ეს საკონსტიტუციომ უნდა გადაწყვიტოს. მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნორმას არაკონსტიტუციურად აღიარებს და გააუქმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის სამართლებრივი შესაძლებლობა რჩება, რომ პოლიციელმა მრავალგზის, თავისი ე.წ. გონივრული ეჭვით პიროვნებები შეაჩეროს, თავისუფლება შეუზღუდოს და გონივრულ ვადებში ჰყავდეს თავისუფლებაშეზღუდული, მათ შორის, პოლიციის შენობაშიც. თუ როგორი სავალალო შედეგებით მთავრდება ეს თვითნებობები, ამის მოწმენი, სამწუხაროდ, ერთი კვირის წინ გავხდით, როდესაც ქიმერიძე დაიღუპა.

ქიმერიძის ტრაგიკული შემთხვევის გარდათუ ფლობთ ინფორმაციასამ გონივრული ეჭვის საფუძველზე სხვა ადამიანების მიმართაცთუ მომხდარა ძალადობა?

- ასეთი რამ თავად უფლებაშეზღუდული პიროვნებების პროტესტში უნდა გამოჩნდეს და თავად მათ უნდა განაცხადონ, რომ ისინი თვითნებურად მიიყვანეს პოლიციაში. ასევე, კლასიკურ მაგალითს გეტყვით, გახსოვთ, ალბათ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ვიდეო კადრები, როდესაც ღამის 11.30 საათზე ორი მოქალაქე, კერძოდ, ძმები სახლში მიეშურებოდნენ. უცებ ოთხი პიროვნება გადმოვიდა მანქანიდან. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ პოლიციელები, მათ ისინი გააჩერეს და, შელაპარაკებების შედეგად, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წიხლები ურტყეს და ა.შ. ეს ფაქტი 2011 წელს მოხდა, მომხდარი გოეთეს ინსტიტუტის ვიდეოკამერამ დააფიქსირა და შემდეგ სააგენტოებმაც გაავრცელეს. ანუ, ასეთი ფაქტები სხვაც მრავალი იქნებოდა, უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ვიდეოკამერებით დავაფიქსიროთ. არც იმის კონტროლის საშუალება გვაქვს, თუ რა ხდება პოლიციის შენობებში. თუმცა, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა კონტროლი, აღმოჩნდა, რომ თურმე კამერების გარეშე მუშაობენ. პოლიციის შენობა მარტო შუშით კი არ უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ შიგნითაც, საქმიანობით.

რეალურადშუშის შენობებში თუ აქვთ ვიდეოკამერები?

-არ ჰქონდათ და მინისტრი გუშინწინ გამოვიდა და აღნიშნა, ჩვენ უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ პოლიციის შენობები და ამ მიზნით კამერები უნდა დავამონტაჟოთო. აქედან დასკვნა გამოგვაქვს, რომ თურმე კამერები არ ყოფილა იქ, სადაც ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველაზე მეტი საფრთხე არსებობს და ადამიანის უფლებების დაცვის ყველაზე მეტი აუცილებლობაა. სწორედ პოლიციისა და მოქალაქის ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე და კონტროლს დაქვემდებარებული, რადგან პატარა თვითნებობამ, შეიძლება, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ შუშით გამოხატული გამჭვირვალეობა მხოლოდ გარედან ყოფილა მავანისთვის საჭირო და რა ხდება შიგნით, არ აწუხებთ. კამერები რომ დასამონტაჟებელია, ვიღაცისთვის ცხადი ამ ფაქტის შემდეგ გამხდარა. საკონსტიტუციომ ჩვენი სარჩელი  წარმოებაში რომ მიიღო, ეს ამ ეტაპზე დადებითი მოვლენაა. ახლა დაველოდებით არსებით განხილვას და მათ გადაწყვეტილებას. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიჩქარებ და ვარაუდებისგან თავს შევიკავებ. 

არჩევნებისთვის რამდენად მობილიზებულნი გახდებიან პოლიციელები ნაცმოძრაობის დასაცავად?

- რაც შეეხება მობილიზებას, დღეს ჩხოროწყუში გახლდით, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისი გავხსენით, ხვალ კი ოფისს სენაკში ვხსნით. როგორც კი მივუახლოვდით ჩხოროწყუს ცენტრს, მაშინვე თვალნათელი გახდა, როგორ მოგვყვებოდნენ, ერთი მხრივ, პოლიციელები, მეორე მხრივ, უშიშროების თანამშრომლები, გადაცმული პოლიციელების მანქანები. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკური შეიარაღება, ანუ მობილიზება აშკარაა, შიშიც რომ არსებობს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მიმართ, ესეც ცხადია.

როგორც წესი,  პოლიციელთა რაოდენობა ყოველ ათას ადამიანზე ითვლებაამბობენრომ  საქართველოში პოლიციელთა რიცხვისხვაქვეყნებთან შედარებითსაკმაოდ მაღალიარუსეთში 1000 კაცზე 9,7 პოლიციელი მოდისუკრაინაში - 8,4, ისრაელში-3,5, აშშ-ში - 2,7,დიდ ბრიტანეთში - 2,3, საფრანგეთში - 2, იაპონიაში - 1,9. თქვენ რა მონაცემებს ფლობთრამდენი პოლიციელია საქართველოში?

- სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. ინტერნეტსივრცეში ან მათ ვებგვერდზე ამ ინფორმაციას ვერ მოიძიებთ. აქედან გამომდინარე, სრული პასუხი არ მაქვს. თუმცა, თავად შსს-ის სისტემის ფარგლებში, როდესაც მთელი 16 დეპარტამენტის - საპოლიციო და უშიშროების სამსახურების კონცენტრაცია ხდება, წარმოიდგინეთ, რაოდენობაც ზომაზე მეტი და გაბერილია.

და ეს რიცხვი ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიციელთა რაოდენობას აჭარბებს?
- ამ ძალების ასეთი კონცენტრაცია, რომელიც ერთი უწყების ფარგლებში მუშაობს, არსად არ არის.