მთავრობამ ბურებს უხმო, ლეიბორისტებმა - განგაშის ზარებს

მთავრობამ ბურებს უხმო, ლეიბორისტებმა - განგაშის ზარებს

საქართველოში დაუმუშავებელ მიწებს სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსახლებულებს გადაუნაწილებენ, - ეს დასკვნა საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ეკუთვნის, რომელიც მთავრობის ინიციატივას თავისებურად ეხმიანება.

 

ლეიბორისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას იღებს და საქართველოში სამხრეთ აფრიკიდან 41 ათასი ბურის ჩამოსახლებას აპირებს.

 

როგორც სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს ენობრივ, კულტურული გადაგვარების ახალ პროცესს შეუდგა და შაჰ-აბასის მსგავსად აპირებს ქვეყნის ეთნიკურ-ტერიტორიულ ექსპანსიას.

 

“უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ქართველ გლეხებს ჩამოართმევენ დაუმუშავებელ მიწის სავარგულებს, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიებზე სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსახლებულ ბურებს ჩაასახლებენ. ხელისუფლება ბურების წარმომადგენლობასთან ოფიციალური კონტაქტი უკვე დაამყარა, ხოლო თავად აღნიშნული გვარის საქართველოში ჩამოსახლება საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ფაქტორით გადაწყდა”, - აცხადებს გიორგი გუგავა, რომელიც ამბობს, რომ ბურები სანდრა რულოვსის “მონათესავე ხალხია”.

 

“ეს გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენი სამშობლოს მტრების ბოროტ განზრახვას, რომ საქართველო ქართველების გარეშე დარჩეს. ვიდრე ხელისუფლება მიიღებდეს გლეხთა აჯანყებას, მათ კეთილი უნდა ინებონ და მითვისებული მილიონებიდან გამოყოს სახსრები დაუმუშავებელი სავარგულების არა ჩამოსართმევად, არამედ საპატრონოდ”, - აცხადებს გუგავა.

 

მთელ ამ გაურკვევლობაში გარკვეული მხოლოდ ის არის, რომ გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელებს მომავალი წლიდან, შესაძლოა, პრობლემები მართლაც შეექმნათ. ამ მიმართულებით, გარკვეული ღონისძიებების გატარება ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს.

 

სავარაუდოდ, გამკაცრდება სანქციები, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. “ასეთ მიწებს საგადასახადო კუთხით მივხედავთ”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

ძალიან ძნელი სათქმელია, ხელისუფლება რას და როგორ მიხედავს ან საერთოდ შეძლებს თუ არა რომელიმე “მონათესავე” ხალხის ჩამოსახლებას, მაგრამ მიწის პასიურ მფლობელებს გარკვეული საფრთხე მართლაც ემუქრებათ.

 

სხვათა შორის, მთავრობის ამგვარ ხისტ მიდგომას ექსპერტებიც არ აკრტიიკებენ. სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულია მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მისასალმებელია, ვინაიდან თუ მფლობელს მიწის დამუშავება არ შეუძლია, იგი სხვას უნდა გადაცეს ან მიყიდვის, ან იჯარის ფორმით.

 

კუნჭულია აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში გადაჭარბებულად ლიბერალურია, ეკონომიკის სხვა დარგებისგან განსხვავებით ამ სექტორს, სპეციფიკური მიდგომა სჭირდება.

 

“ასეთი მიდგომა კოოპერატივების ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს. თუ მესაკუთრეს არ შეუძლია მიწის დამუშავება, მან იგი იჯარით უნდა გასცეს. საქართველოში მიწასთან დაკავშირებით მეტისმეტად ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს. მაგალითად, დანიაში თუ ადამიანს გამოცდილება არ აქვს, მას სასოფლო-სამეურნეო მიწას საერთოდ არ აძლევენ. არის ქვეყნები, სადაც მიწის გამოუყენებლობისთვის, მფლობელს მას საერთოდ ჩამოართმევენ”, - აცხადებს კუნჭულია.