საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ეხმაურება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, სამი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის, აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და შოთა რუსთაველის კინოსა და თაეტრის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის ჩატარების გაცხადებული სურვილისა და შესაბამისი დადგენილების გამოცემის შესახებ. კერძოდ, ჩვენს ყურადღებას იქცევს დადგენილების მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების ქონების განკარგვის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ყველა ის მომდევნო ნაბიჯი, რომელიც შემდგომში რეფორმების სახელით შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას, ჯერ კიდევ არ არის დეკლარირებული, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მზადდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების ისტორიული და კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობების გაყიდვა. ამ ეჭვს აძლიერებს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას უკვე გამოუჩნდა მყიდველი და უმოკლეს დროში მოხდება მისი გასხვისება. ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უკლებლივ ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი უნდა გახდეს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი, ამასთანავე, უმაღლესი სასწავლებლის ქონების განკარგვის უფლებამოსილება ფაქტობრივად გადაეცემა ახალ სტრუქტურას - მთავრობის მიერ დანიშნულ რეგენტთა საბჭოს და ამ საბჭოს მიერ დანიშნულ სასწავლებლის განვითარების ფონდის დირექტორს. ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას და მთლიანად ხელისუფლების ნება-სურვილზე დამოკიდებულს ხდის მათი ქონების განკარგვას. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სამი სასწავლებლის შენობათა გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რასაც მოგვიანებით მოჰყვება სხვა უნივერსიტეტებისა და სასწავლებლების გასხვისება. „ქართული ოცნება“, გამოხატავს რა საზოგადოების უმეტესი ნაწილის შეშფოთებას, მოითხოვს, რათა საზოგადოება არა მარტო ჯეროვნად იყოს ინფორმირებული ზემოთ ნახსენები სამი უმაღლესი სასწავლებლის შემდგომი ბედის თაობაზე, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ საჯარო განხილვისა და ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის გაცნობისა და შეჯერების შემდეგ. გარდა ამისა, მსგავსი პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტისგან ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმება და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის გარანტიების შემუშავება. |