ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისამართით გინების გამო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მოლაშხია პოლიციამ 4 მარტს დააკავა. რაიონულმა სასამართლომ კი მას წვრილმან ხულიგნობაში დასდო ბრალი და დაკავებიდან მეორე დღეს ადმინისტრაციული სახდელი, 100 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ოპოზიციონერი გამგებელ ქობალიას მისამართით უცენზურო გამონათქვამებში „შეამჩნიეს“. პირველი და უკანასკნელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 100-ლარიანი ჯარიმით დასრულდა, მაგრამ მეორე შემთხვევაში საშკა მოლაშხია ფიზიკური ანგარიშსწორებით დაისაჯა.
საინტერესო ამ „ხულიგნურ“ ისტორიაში ის არის, რომ ყველა „სამართალდარღვევა“ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ფიქსირდება. როგორც მოლაშხია ამბობს, პირველი შემთხვევა „ნაღდი“ იყო, დანარჩენი ორი ინციდენტის დროს გინების ობიექტი ალექსანდრე ქობალია არ ყოფილა.
ალექსანდრე მოლაშხია: „გამგეობის შენობასთან ფაქტობრივად ვერ გამივლია, ჩასაფრებული არიან და გინებას მიწყებენ. ბუნებრივია, კაცი გინებითვე უპასუხებს, მაგრამ იქვე უცებ როგორ და საიდან ჩნდება პოლიცია? ყველა შემთხვევა, უბრალოდ, პროვოცირებულია. ორი წლის წინ, როცა „დაიცავი საქართველოს“ ბიჭები, დათო სორდია, ალიკა გეთია და მე გამგეობის შენობასთან დაგვაკავეს, იგივე მოხდა. ბუტერბროდებით ხელში ჩავიარეთ და ქობალიასთვის გვცხელოდა? გვაგინეს დედაზე ქობალიამ და მაგის ხელისბიჭებმა და იქვე ვუპასუხეთ გინებით, აბა მადლობა გვეთქვა? იმ ახალი წლის დღეს ქობალიას პროვოცირებით თქვენ, ილია ჩაჩიბაია და კახა მიქაიაც ხომ დაგაკავეს, ხომ გაგვიფორმეს ხულიგნობა, პოლიცია ხომ ყავდა იქვე მობილიზებული ქობალიას? ერთი თვის წინაც გავიარე იმავე შენობასთან და ვიღაცამ შემაგინა, გამგეობის თანამშრომელი კი იყო, მაგრამ გვარი არ ვიცი. მეც იგივე ვუპასუხე და მასთან ერთად მყოფმა კიდევ ორმა მუტრუკმა მუშტები დამაყარა.
ახლაც, იმავე ადგილას, მაღაზიიდან გამოვედი თუ არა, ვიღაცამ მომაძახა, არ გაჩერდებით ბიჭო? არა-თქო, ვუპასუხე. თუ არა, შენი დედაცო... მეც არ დავიხიე უკან და „შკოდაც“ გაჩერდა. ჩამავლო პოლიციამ ხელი და „კპზ“-ში აღმოვჩნდი. პოლიციელები, ზურაბ ჭოჭუა და ვლადიმერ ლაგვილავა მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვაგინე ქობალიას. არადა, არ მიგინებია და თვალითაც არ მინახავს. ამის მიუხედავად, სამართალდარღვევის ოქმში წვრილმანი ხულიგნობა მხოლოდ „უმისამართო გინებაში“ ჩამითვალეს. მეორე დღეს იგივე მოსამართლემ გამასამართლა, ირაკლი აბშილავამ. მასაც, როგორც ჩანს, ეგონა, რომ ქობალიას გინების საქმეს „განიხილავდა“ და დარბაზში შესვლისთანავე აწეული სათვალიდან ჯერ შემათვალიერა, მერე კი მითხრა, ეს კიდევ შენ ხარ? ან შენ იქნები, ან მე, ან ეს ქობალია მოვიშოროთო. ასე ხუმრობა-ხუმრობაში ოფიციალურ ხულიგნად მაქციეს. ის ჩემი და თქვენი 100 ლარიანი კუპიურები კი პირდაპირ თუ არა ირიბად, მაინც ქობალიასთან მიდის. ბიუჯეტის შევსების შნოც ამას ჰქვია“.
მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია მოძრაობის წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ დევნასა და თვალთვალს პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ წინააღმდეგობის მიუხედვად ქვეყანაში არსებული რეჟიმის შესაცვლელად ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
„პოლიცია საშკას „ხულიგნობით“ კი არ დაინტერესებულა, მათ ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებები, გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები აინტერესებდათ. ამ შინაარსის კითხვებს საკანში გამომწყვდეულ პატიმარს პოლიციელები ხშირად და სხვადასხვა ფორმით უსვამდნენ. საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას „დასამშვიდებლად“ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც არ უნდა გვდიონ ფეხდაფეხ, რაც არ უნდა ისმინონ ჩვენი სატელეფონო საუბრები მისივე უწყებიდან, რომც ამოგვხადონ ცემაში სული და დაგვაპატიმრონ, ძალადობრივი ხელისუფლების მხილებას სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე გავაგრძელებთ“. - აცხადებს მიქაია.