კონსტიტუციური მექანიზმების დაკნინება ნამდვილად არ მიუთითებს სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების გააზრებაზე , - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას.
როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობისა და პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვა ის კონსტიტუციური მექანიზმებია, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენს.
"სამწუხაროა, რომ გვიწევს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა თანამშრომლობის იმგვარ ფუძემდებლურ კონსტიტუციურ პრინციპებზე საუბარი, როგორებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის პრეზიდენტის მიმართვა მთავრობისადმი, პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისადმი და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციური სტატუსი. უნდა ითქვას, რომ სწორედ ამგვარი კონსტიტუციური მექანიზმები წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველს და მათი დაკნინება ნამდვილად არ მიუთითებს სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების გააზრებაზე. ამგვარი მიდგომით ნამდვილად არ მოხდება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვა", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არსებობს "გონივრული ვადის" და "კანონის ანალიგიის" პრინციპები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კონკრეტულ საკითხზე რეაგირების ვადები კანონმდებლობით გაწერილი არ არის.
"კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ არის დაწესებული ვადები, რა ვადაშიც მთავრობამ პრეზიდენტის მიმართვებს უნდა უპასუხოს, მაგრამ არსებობს "გონივრული ვადის" და "კანონის ანალიგიის" პრინციპები. ამის მიუხედავად, წელიწადზე მეტი ხნის წინ, 10 თვეზე მეტი ხნის წინ და ორ თვეზე მეტი ხნის წინ გაგზავნილ მიმართვებზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხი დღემდე არ მიუღია, რაც ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ მიუთითებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების გააზრებაზე", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
გიორგი კვერენჩხილაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთავრობას ოთხი მიმართვა გაუგზავნა, თუმცა არც ერთ მათგანზე პასუხი არ მიუღია. ერთ-ერთი მიმართვა ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას უკავშირდება. ამ განცხადებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ - "ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, მინისტრებმა, პრეზიდენტმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას და არა - შოუების მოწყობას, რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას".