„ვფიქრობ, რომ შურისძიებით ვერცერთი სახელმწიფო ვერაფერს გახდება“

„ვფიქრობ, რომ შურისძიებით ვერცერთი სახელმწიფო ვერაფერს გახდება“

სან-მარინოს საგარეო საგარეო საქმეთა მინიტრ პასკუალე ვალენტინის განცხადებით, ნებისმიერმა ქვეყანამ და, მათ შორის, საქართველომ, სხვა ქვეყნებთან კონფლიქტური სიტუაცია, მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრას.

როგორც პასკუალე ვალენტინიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სან-მარინოს სურს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მსოფლიოს უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმაროს.

„მშვიდობიანი ნაბიჯებით სვლის გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერანაირ შეთანხმებას და კონფლიქტის მოგვარებას სხვა ქვეყნებთან. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა მსოფლიოში. როგორც იცით, ჩვენც გვინდა, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ძალიან მდიდრები, არ გვაქვს სამხედრო ძალა, ჩვენ მაინც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო თანამეგობრობაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროს უკეთესობისკენ განვითარებაში. ის მოდელი, რომელიც არსებობს ევროპასა და მესამე სექტორის ქვეყნებს შორის არ უნდა იყოს ხელშემშლელი ფაქტორი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ვალენტინიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, სან-მარინოელ კოლეგასთან შეხვედრაზე, ძირითადი ყურადღება ევროკავშირთან თანამშრომლობას და ასოცირების შესახებ შეთანხმებას დაეთმო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრ პასკუალე ვალენტინისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს შეუძლია, გამოცდილება გაუზიაროს სან-მარინოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების პროცესში.

სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

პასკუალე ვალენტინი შეხვედრებს ასევე გამართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.