ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ ორი დღის წინ მოჩვენებაზე ნადირობა გამოცხადდა და მასში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და მაშველთა რაზმები ჩაერთვნენ. 30-კაციანი შემადგენლობა თითქმის სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა არსებას, რომელიც შენობის ყველა კუთხე-კუნჭულიდან შველას ითხოვდა. სამედიცინო დაწესებულებაში სრულმა პანიკამ დაისადგურა. რამდენიმე შეშინებულმა პაციენტმა კი საავადმყოფო იმავე ღამეს დატოვა.
ერთ-ერთი თვითმხილველი პაციენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა უცნაური შემთხვევის შესახებ presage.tv-სთან ყვება, რომ საავადმყოფოში იმ ღამეს ადამიანებმა წარმოუდგენელი შიშის გრძნობა განიცადეს.
„არამარტო ჩვენ, არამედ მთელი მედპერსონალი შიშმა შეიპყრო. პანიკაში აღმოჩნდნენ პოლიციელები და მაშველებიც, რადგან, შუახნის მამაკაცის ხმა, რომელიც ამბობდა, ხან ჯონის, ხან კიდევ გურამის სული ვარ, მათ სხვადასხვა მიმართულებით იხმობდა და შველას ითხოვდა. ამბობდა, და ეს ყველას გარკვევით ესმოდა, - მშია-მშიაო. ხან გაიძახოდა, მესამე პალატაში ვარ, მიშველეთო. პატრული და პოლიცია ხმას მიყვებოდა, მაგრამ იქ არავინ ხვდებოდა. შემდეგ განწირული ხმით დაიყვირა, მიშველეთ, ლიფტში გავიჭედეო. იქაც მივარდნენ, დაათვალიერეს, მაგრამ არავინ იყო. საავადმყოფოს მედდები და ექიმები ეკონტაქტებოდნენ კიდეც უცნაურ ხმას, მაგრამ ვერ ვარჩევდი კითხვა-პასუხის შინაარსს. ყველა, ვისაც კი სანთელი აღმოაჩნდა, აანთო და ისე დარბოდა. საავადმყოფოს მენეჯერი პაატა ადამია ღვინის ჭიქით და სანთლით დარბოდა კორიდორში. იმ ხმამ ისე დაჰკივლა მთავარ ექიმს, როლანდ ახალაიას, რომ იგი შიშით იატაკზე გაწვა,“ - ამბობს პაციენტი.
საავადმყოფოში მომხდარ უცნაურ ფაქტს მთავარი ექიმი არც უარყოფს და არც ადასტურებს. ჟურნალისტებთან საუბრისას როლანდ ახალაია ამბობს, რომ ხმაური მხოლოდ სავენტილაციო სისტემიდან შემოდიოდა შენობაში და ადამიანის ხმის მსგავსებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მისი განმარტებით, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო რაზმების გამოძახება მხოლოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ პანიკაში ჩავარდნილი პაციენტები დაეშოშმინებინათ.
მთავარი ექიმის მსგავსად, მომხდარის შესახებ დღეს საუბარი უკვე აღარ სურთ ექიმებსაც. სამაგიეროდ, ისინი ჟურნალისტებს „სასარგებლო რჩევებს“ აძლევდნენ და მედიას მათი აკადემიურობისა და განათლების შესახებ ახსენებდნენ, „ქუჩის ხალხის“ ინტერვიუებისგან განსხვავებით საკუთარ უპირატესობაზე მიუთითებდნენ.
ზუგდიდის სამაშველო სამსახურში დახმარებისათვის საავადმყოფოდან შემოსული ზარის დაფიქსირებას ადასტურებს უწყების უფროსი თამაზ უბილავა. „საავადმყოფოში გამოძახება მართლაც გვქონდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ვამოწმებდით ტერიტორიას. სავენტილაციო არხები, ლიფტის შახტები და სხვენი დავათვალიერეთ, მაგრამ ვერავის, უფრო სწორად ვერაფრის კვალი ვერ აღმოვაჩინეთ. მედპერსონალი მიგვითითებდა სავარაუდო ადგილებს, საიდანაც ხმა გამოდიოდა, მაგრამ ვერავინ ვნახეთ,“ - აცხადებს უბილავა.