აჭარის ყოფილი მუფთის ინტერვიუ “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაზე

აჭარის ყოფილი მუფთის ინტერვიუ “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაზე

აჭარის ყოფილმა მუფტმა მაჰმუდ ქამაშიძემ “აჭარა P.S.“-ს მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ, ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ტექსტი presage.tv-მ ვიდეო ვერსიიდან სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა.

ბათუმში სახელმწიფოთა შორის შეთანხმების საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკა აშენებს სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთს, რასაც თანაბრად ეწინააღმდეგება, როგორც ქრისტიანული მრევლი, ასევე მუსლიმანური მრევლის გარკვეული ნაწილი, შეიძლება ვთქვათ უმრავლეოსობა - ჩვენ გვაქვს 160-ე მეტი ხელმოწერა და ეს ხელმოწერები დღესაც გრძელდება. თქვენ, როგორც ყოფილი მუფთი და როგორც ამ სარწმუნოების ერთ-ერთი მოძღვარი, რა აზრის ბრძანდებით ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მასეთი საუბრები ადრეც იყო და ჩემი აზრი ბევრჯერ გამომიხატავს. არ ვიცი, ჩემი აზრი ვიღაცისთვის საინტერესო იქნება, ვიღაცა მიიღებს. მე დიდი ფიგურა არ ვარ, პოლიტიკოსი მე არ ვარ და რაღაც თანამდებობა მე არ მიჭირავს, მაგრამ მე მგონი  საკითხის ასე დაყენება არასწორია, რომ ვიღაცა ეწინააღმდეგება, ან ქრისტიანი ეწინააღმდეგება, ან მუსულმანი ეწინააღმდეგება. ასეთი აზრის თქმაც არასწორია, მაგრამ ბათუმს, აჭარლებს თუ ჯამე სჭირდება, საკმარისი ხალხი არის და საკმარისი საშუალებებიც არის, რომ ააშენოს ხალხმა და იყოს აშენებული.

ვიღაცამ ააშენოს და წარსულის რაღაცეები ეძებოს, ჩემი აზრით, არასწორი, მიუღებელია, რადგან ეს რას ჰგავს იცით?! ცხოვრობ გემში და გემს ტეხავდე, ისეთ რამეს ნიშნავს. ერთი სიტყვით, ამ საქმის პოლიტიკაში გადაზრდა არ ღირს.

ეს რელიგიური საქმე იყოს, კი ბატონო, თუ გინდა ეკლესია იყოს, თუ გინდა მეჩეთი იყოს, ხალხი ცხოვრობს იქა და ვისაც სჭირდება იმან ააშენოს, ვინმე არ უშლის, მე მგონი არავინ არ უშლის. მე ასე ვიცი, რომ არ უშლის და თუ ვიღაცა უშლის, ისეთიც იქნება, ოჯახში გამოგივა შვილი და არ გემორჩილება. ასეთი არის, მაგრამ ძირითადად ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ, მე რამდენი მეჩეთი მიშენებია, ფიზიკურად, ჩემი ხელით და ვინმეს ხელი არ შეუშლია. იმასაც ავაშენებ თუ საჭირო იქნება, ჩემდა თავად, კი ხედავთ ჩემს ოჯახში როგორი მდგომარეობაა, მაგრამ, რაც შემიძლია მეც გავიღებ წილს, რომ ავაშენოთ, თანახმა ვარ, მაგრამ ნუ დავაყენებთ ისე, რომ პოლიტიკაში გადაიზარდოს და ვიღაცამ ააშენოს, ვიღაცას არ მოეწონოს, მერე კონფლიქტში გადაიზარდოს, გახდეს რაღაცა.

ანუ დავადასტუროთ ერთი რამ - თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე გავიგე, რომ ჯერ ეროვნულობა, შემდეგ რწმენა და ამ რწმენის საფუძველზე ქრისტიან და მაჰმადიან ძმებს შორის ნორმალური, მეგობრული, ძმური ურთიერთობა.

- რა თქმა უნდა. მე იმიტომ ვახსენე გემში ჯდომა, ჩვენს ქვეყანაში ისეთი კონფლიქტი შევქმნათ, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, ამის უფლება არ გვაქვს. არც ღმერთი არ გვაძლევს და არც სინდისი არ გვაძლევს ჩვენ და არაფერი, მორალი არ გვაძლევს ამის საშუალებას ერთმანეთის პირისპირ დავდგეთ და ვიღაცას წინააღმდეგობა გავუწიოთ.

ჩვენს თავს ჩვენ უნდა ვუვლიდეთ. ღმერთს შეუძლია ადამიანები ისე აცხოვროს, რომ არ ამუშაოს, მაგრამ ღმერთმა შექმნა ისე, რომ იშრომეთო და ჩვენ ჩვენი შრომით ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ღმერთი ამბობს სხვაზე დამოკიდებული არ იყოთ, არ აეკიდოთ არავის ზურგზეო. სხვაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ და არ უნდა შევქმნათ ის სიტუაცია, რომ ვიღაცამ ჩვენ ლუკმა-პური მოგვცეს და იმას ხელში ვუყუროთ და ასე შემდეგ.

თქვენ საკმაოდ დიდი ხანი, წლების მანძილზე იყავით აჭარის მუფთი.

- კი, ერთი 12 წელიწადი ვიმუშავე.

თუ არსებობს თქვენს პრაქტიკაში პრეცენდენტი, ან თუ გახსოვთ საერთოდ ასეთი მოვლენა, რომ სალოცავს აგებდეს ხელისუფლება და არა ხალხი, ან სახელმწიფო დონეზე წყდებოდეს ეს?

- ჩემს დროში არ ყოფილა. საერთოდ, მსგავსი, არც გამიგონია, არც ძველიდან, ისტორიულად არ ყოფილა, რომ სახელმწიფო ერეოდა, ან აშენდებდა. რელიგია ყოველთვის თავის თავს არჩენდა, თავის თავს უვლიდა და სახელმწიფო თავის თავს. ყველა წიგნი და გაზეთი შეიძლება წაკითხული არ მქონდეს, მაგრამ არ გამიგონია პირადად და არც წამიკითხავს სადმე.

რელიგია ყოველთვის თვითონ ირჩენდა თავს და საერთოდ, რელიგიურ პირებსაც თვითონ ხალხი არჩენდა. ასე იყო ყოველთვის. ახლა ჩვენმა სახელმწიფომ თავზე აიღო პრინციპში ხელფასის მიცემა, ეს ცუდი არ არის, ეს კარგია.

მაგის ლაპარაკი ადრე ჩვენს გვქონდა, მაგრამ არ მოგვისმინეს. შევარდნაძემ შეგვკრიბა მაშინ თბილისში, მაშინაც დავაყენე საკითხი, მაგრამ რაღაცნაირად ყურადღებას არ აქცევდნენ, უფრო სწორად ალბათ, არ ეცალათ, ისეთი დრო იყო, რომ დაშლილი იყო ქვეყანა და ასე შემდეგ.

თქვენ საშუალება გაქვთ ახლა მიმართოთ თქვენს მრევლს, მუსლიმანებს. რას ეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- მრევლს ვეტყოდი იმას, რომ ძალიან სათუთად მიეპყრონ ამ საკითხს. სათუთი საქმეა, ნუ აჰყვებიან პოლიტიკას, ნუ აჰყვებიან ჭორებს და ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანენ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში თვითონაც მოხვდებიან და საზოგადოებაც. ძალიან ცუდი იქნება, ძალიან ცუდი მომავალი ექნება ამ საქმეს. ისტორია თავისას მაინც გააკეთებს, თავისას მაინც იტყვის და ესენი დარჩებიან ზარალში და ჩვენც ჩაგვაგდებენ ზარალში. არ ავყვეთ პოლიტიკას ხალხო, არაა ჩვენი საქმე პოლიტიკა. ჩვენ თუ გვინდა ღმერთს ვემსახუროთ, ვემსახუროთ. შენ თუ შენს ღმერთს შენს გულში ტაძარს აუშენებ, ამაში ხელის შეშლა არავის არა აქვს და პოლიტიკას რა უნდა, მან გაზომოს, ჩვენი საქმე არ არის. პოლიტიკამ მისი საქმე აკეთოს, ხალხს დაგვანებოს თავი, ხელს ნუ შეგვიშლის, ჩვენ რა არ გვინდა და რა გვინდა, ჩვენ ვიცით. პოლიტიკამ მოუაროს მის საქმეს.