ხელისუფლება რომ ყველა ფრონტზე უტევს ბიძინა ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“, ეს თემა უკვე არახალია. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში კი განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება იმ მიმართულებით, რომელსაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური კურირებს. მოგეხსენებათ, აღნიშნულმა უწყებამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ მონიტორიგნის სუბიექტად სცნო და აქტიურად ეწევა მისი ფინანსური საქმიანობის შესწავლას, რასაც „ქართული ოცნების“ იურისტები აპროტესტებენ და შესაბამისი საჩივრით მიმართეს კიდეც კონტროლის პალატას.
მიუხედავად ამ პროტესტისა, კონტროლის პალატა თავის პოზიციას არ ცვლის. დღეს მან განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია „გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკური სუბიქტების ანგარიშებზე შემოწირულობების სახით თანხის გადარიცხვის თაობაზე კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ მედიით გავრცელებული განცხადებები არ ემთხვევა რეალობას, საჯაროს ვხდით მათ მიერ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდებს“.
განცხადებას თან ერთვის ამ პირების, კერძოდ, ცოლ-ქმარ ბესიკ მუმლაურის და თამაშა ჩიტაიას ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდები, სადაც ისინი ამბობენ, რომ არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობრები. მათივე ჩვენებებიდან ცნობილი ხდება, რომ წლების განმავლობაში ისინი ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით იღებდნენ დახმარებას ბიძინა ივანიშვილისგან, საიდანაც ნაწილს ხარჯავდნენ ოჯახის საჭიროებებისთვის, დანარჩენით კი გააკეთეს გარვკეული დანაზოგი. შემდეგ კი როდესაც ივანიშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა და ამის გამო მას და „ქართულ ოცნებას“ გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მუმლაურმა და ჩიტაიამ გადაწყვიტეს შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ „ქართულ ოცნებას“ და თავიანთი დანაზოგის ნაწილი, 15 000 ლარი გადარიცხეს მის ანგარიშზე.
კონტროლის პალატამ ასევე გამოაქვეყნა ვახტანგ ედიშერაშვილის ჩვენებიდან ამონარიდი, სადაც ეს ადამიანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში იღებს დახმარებას „ქართუ“ ფონდიდან და მანაც გარკვეული თანხა, 10 000 ლარი, რაც ჰქონდა შეგროვილი გადაურიცხა „ქართულ ოცნებას“, რადგან გაიგო, რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და იფიქრა, რომ საარჩევნო ხარჯებისთის ეს თანხა გამოადგებათ.
Presage.tv „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერს მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა და კონტროლის პალატის მიერ ამ ადამიანების დაკითხვისა და მათი ჩვენებების ამონარიდების გამოქვეყნების შეფასება სთხოვა.
მაია ფანჯიკიძე: „ცხადზე უცხადესია კონტროლის პალატის ეს განყოფილება ქალბატონი მოგელაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუზღუდოს ყველანაირი მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ანგარიშზე ერთი ლარიც რომ გადმორიცხოს ვინმემ, ყველას დაიბარებენ და ყველას შეეკითხებიან, საიდან გაქვსო. ეს ადამიანები ამბობენ, რომ არიან ბიძინა ივანიშვილის მეგობრები, ეხლა დაინახეს, რომ მას პრობლემა გაუჩნდა კონტროლის პალატის ამ განყოფილების შექმნის გამო და გადაწყვიტეს, რომ თუკი მათ ბიძინა ივანიშვილის ამდენი ხანი ეხმარებოდა, მათაც უნდოდათ ერთხელ დახმარება გაეწიათ მისთვის. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური ახსნა და მე მივესალმები ასეთ ადამიანებს, რომლებმაც იციან მადლის დაბრუნება.
ქალბატონო მაია, კონტროლის პალატაში ამ ადამიანების დაბარებას და დაკითხვას როგორ შეფასებას გაუკეთებდით?
- ძალიან უარყოფითად შევაფასებდი იმიტომ, რომ მე არ მახსოვს მსგავსი რამ განხორციელებულიყოს იმათ მიმართ, ვინც ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებოდა. კონტროლის პალატის მოტივაცია აბსოლუტურად ცხადია, მათ უნდათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაფერში შეუშალონ ხელი, რაშიც შეძლებენ შეშლას.
თუ გაქვთ ინფორმაცია, სხვა ადამიანებიც თუ არიან დაბარებულები კონტროლის პალატაში, ან რაიმე სახის ზეწოლა ხომა რხორციელდება იმ ადმიანებზე, ვისაც „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხა აქვს გადარიცხული?
- იცით რა, მე ნადმვილად არ ვიცი, რა ხდება „ქართული ოცნების“ ანგარიშზე და ამ ინფორმაციას, რომ ვიღაც დაიბარეს კონტროლის პალატაში, ვიგებ აქტუალურ რეჟიმში, როდესაც ვიღაცა ვიღაცას იბარებს. აქედან გამომდინარე, არ ვიცი იქ არის თუ არა კიდევ ვინმე დაბარებული, ვინც რაიმე შემოწირულობა გააკეთა, მაგრამ ერთ რამეს კი გეტყვით, თუკი ასეთი ხალხი არის, მათ აუცილებლად დაიბარებენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა აგრეთვე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების ახსნა-განმარტებებიდან ამონარიდები. ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის მდივანი, ლია შერბაკოვა ამბობს, რომ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია კობახიძემ გადასცა 300 ლარი და სთხოვა შერბაკოვას, რომ მისი ანგარიშიდან „დემოკრაიტული მოძრაობის“ ანგარიშზე გადაერიცხა ეს თანხა. თავად გია კობახიძე კი აცხადებს, რომ პარტიის შემოწირულობებთან არანაირი შეხება არ აქვს. რაც შეეხება შერბაკოვას, გია კობახიძის განცხადებით, მასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მისთვის არაერთხელ უსესხებია სხვადასხვა ოდენობის თანხები. კობახიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინაც ასესხა 300 ლარი, მაგრამ არსად გადარიცხვა არ დაუვალებია.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც და ხელისუფლების მხრიდან მისი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა. ბურჯანაძის თქმით, ყველა იმ პირზე, ვინც ბოლო პერიოდში პარტიის ანგარიშზე საწევრო შეიტანა ან შემოწირულობა გააკეთა, პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, მათ სახლებში აკითხავენ.
„ისინი განყოფილებებში მიჰყავთ და შანტაჟისა და ზეწოლის გზით, ხელისუფლებისთვის მომგებიანი განცხადების გაკეთებას აიძულებენ, თითქოს, მათ ვინმე ფულს აძლევს და პარტიის ანგარიშზე ჩარიცხვას აიძულებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, კონტროლის პალატა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შემოწმების ნაცვლად, პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი გახდა. იგი აცხადებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სააკაშვილის რეჟიმი „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან განდევნას აქტიურად ცდილობს.