ევროპული სასამართლოს განსასჯელებს აწამებენ, აშანტაჟებენ და პროვოკაციებს უწყობენ

ევროპული სასამართლოს განსასჯელებს აწამებენ, აშანტაჟებენ და პროვოკაციებს უწყობენ

მსჯავრებული მალხაზ ბადუაშვილი იმ საპატიმრო დაწესებულებაში დააბრუნეს, რომლის დირექტორმასპეცრაზმელებთან ერთად სცემა და აწამა. დირექტორის წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული. მალხაზ ბადუაშვილს კი დირექტორის მითითებით პერმანენტულად ემუქრებიან, აშანტაჟებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ გზით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ; ერთის მხრივ აიძულებენუარი თქვას მარგებაძის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, ხოლო მეორეს მხრივ მას პირდაპირ მიუთითებენ ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანოს.

ამის შესახებ presage.tv-ს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა, რომელიც მალხაზ ბადუაშვილს გასულ კვირაში შეხვდა.

პატიმარი მალხაზ ბადუაშვილი წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა, რის შესახებაც წერილი გასული წლის 26 ივნისს გამოვაქვეყნე, სათაურით - “პატიმარ მალხაზ ბადუაშვილს ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანას აიძულებენ“. მაშინ პატიმარი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა, რომელშიც დეტალურად აღწერა როგორ აიძულებდნენ მას ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანას, როგორ ემუქრებოდნენ ტელეფონის და თვითნაკეთი დანის ”ჩადებით” და როგორ მოითხოვდნენ მისგან იმის დაწერას, რომ სხეულზე დაზიანებები თავად მიიყენა.

ბადუაშვილს საჩივარი ჯერჯერობით, ვერც ევროპული სასამართლოდან გამოატანინეს და ვერც მთავარი პროკურატურიდან.

“საქართველოს მთავრობამ იცის, რომ ევროპულ სასამართლოში მსჯავრდებულ მალხაზ ბადუაშვილის საქმე წაგებული აქვს და სწორედ ამიტომ, ის ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის ქვეშაა“, - ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

მისივე განმარტებით, რუსთავის N6 დაწესებულების დირექტორის, დავით მარგებაძის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება,2010 წლის აგვისტოში მალხაზ ბადუაშვილის ცემის, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე.

“ბადუაშვილიმეექსვე საპყრობილეში ჰყავთ გამომწყვდეული, მაშინ, როცა დანაშაულში მხილებულია ამ საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ხოლო დაზარალებული პატიმარიყოველდღიური შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება. უშუალოდ დავით მარგებაძის მითითებით ადმინისტრაცია მსჯავრდებულს სასჯელის დამატებით ემუქრება; მას მიზანმიმართულ პროვოკაციებს უწყობენ, მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ, რაც თავისთავად ცალკე დანაშაულის შემადგენლობაა, რადგან ესაა არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

ამას ემატება ისიც, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობისმდგომარეობა რთულია, რადგან იგი დაავადებულია ცე ჰეპატიტით და ტუბერკულოზით, რის გამოც გარკვეული პერიოდი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მასზე იქაც ხორციელდებოდა ზეწოლა და წამება, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთი კვირის მანძილზე ცნობილი ჯალათების: ვაჟა ცხევედიანის, გიორგი ავსაჯანიშვილის, ალექსი თოლორდავასა და ზურაბ ბულბულაშვილის მიერ მას ჩამოერთვა ლეიბი, საბანი, “პლედი“ და იატაკზე უწევდა წოლა, ყინვაში, ნოემბრის ცივ ამინდებში“, - გვითხრა მამუკა ნოზაძემ.

მისივე განმარტებით, მსჯავრდებულ ბადუაშვილს ერთი თვის მანძილზე არ აძლევდნენ ოჯახთან, ადვოკატთან დაკავშირების, მაღაზიით სარგებლობის უფლებას და შხაპის მიღების საშუალებას.

“N6 საპყრობილეში, როცა მარგებაძემ სპეცრაზმელების დახმარებით მალხაზ ბადუაშვილი სცემა და აწამა, ადგნენ და პატიმარი 2010 წლის 19 აგვისტოს ქუთაისის N2 საპყრობილეში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბადუაშვილის სხეულზე არსებული ცემის კვალი აღმოაჩინა, ციხის სამკურნალოდაწესებულებაში გადმოიყვანეს. გასული წლის ნოემბრის ბოლოს კიიმ საპატიმრო დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც თავდაპირველად იყო; ანუ რუსთავის N6-ში, დავით მარგებაძესთან, ადამიანთან, რომლის წინააღმდეგ პროკურატურის დაწყებული ძიება არ დასრულებულა“, - ამბობს მამუკა ნოზაძე და იქვე დასძენს, რომ ეს არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რადგან მარგებაძე დანაშაულშია მხილებული და გამოძიება არ დასრულებულა.

ნოზაძის თქმით, 2010 წელს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ბადუაშვილის მიმართ განხორციელებული წამების თაობაზე კითხვებიდაუსვა - იყო თუ არა დაწყებული გამოძიება და რა მუხლით და მიცემული იყო თუ არა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დავით მარგებაძე. 

“ამ კითხვებზე საქართველოს მთავრობამ კონკრეტული პასუხი ვერ გასცა. ევროსასამართლოს მხოლოდ ის მიწერეს, რომ გამოძიება დაწყებული იყო. წელიწადნახევარზე მეტია გასული და დავით მარგებაძე დღემდე არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და ამასთან, მალხაზ ბადუაშვილი მოწმის სტატუსითაც კი არ არის დაკითხული. ბადუაშვილის ძირითად საქმეზე ევროსასამართლოში კომუნიკაციის ეტაპი დასრულებულია და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით. საქართველოს მთავრობამ იცის, რომ ევროპულ სასამართლოში მსჯავრდებულ მალხაზ ბადუაშვილის საქმე წაგებული აქვს და სწორედ ამიტომ, ის ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის ქვეშაა.

2010 წლის აგვისტოში ბადუაშვილი რომ აწამეს, კომუნიკაცია დასრულებული იყო, წამების ფაქტზე ევროსასამართლოს დამატებით ვაცნობე. რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს და ის კითხვები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, სწორედ მას შემდეგ გამოუგზავნეს საქართველოს მთავრობას“, - ამბობს მამუკა ნოზაძე და ამ საქმის დეტალებით დაინტერესებას სთხოვს იმ უფლებადამცველ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც პატიმრების უფლებების დარღვევისა და წამების ფაქტებზე მონიტორინგს ახორციელებენ და შემდეგ, კონკრეტული ფაქტების შესახებ პერიოდულად ატყობინებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებს.