ავღანეთში ISAF-ის ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა აუცილებელია, თუმცა ცალკე საკითხია, რა რაოდენობის კონტინგენტი უნდა გააგზავნოს ქვეყანამ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში. სამხედრო ექსპერტი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ამბობს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში, ხელისუფლება სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას რამდენიმე პარამეტრის გათვალისწინებით განსაზღვრავს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკური ამოცანის მიღწევას ცდილობს სახელმწიფო ასეთ ოპერაციებში მონაწილეობით.
IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პრორექტორი ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს პოლიტიკური ამოცანა მეტად ბუნდოვანია.
- ხელისუფლების განცხადებით, „ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის საჭირო“ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა და კონტიგენტიც იზრდება. ასეთი პატარა ქვეყნისთვის 2000 პროფესიონალი სამხედროს გაშვება მიზანშეწონილია?
- კონტიგენტის რაოდენობის განსაზღვრა, რამდენიმე პარამეტრზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, იმ პოლიტიკურ ამოცანაზე, რომლსაც საკუთარ თავს უსვამს ქვეყნის ხელისუფლება. შემდეგ, აქედან ხდება სამხედრო ამოცანის დაზუსტება. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება იქ სამხედრო ნაწილების ყოფნა, შესაბამისად, ძნელი სათქმელია, რამდენკაციანი კონტიგენტი უნდა გვყავდეს. საკმარისია ის, რაც გვყავს; საკმარისზე მეტია თუ ნაკლები. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც გაცხადებულია, მაშინ ოდნავ ჭარბია. მაგრამ მე მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ ისევ არ ვიცით ის პოლიტიკური ამოცანა, რაც თავის თავს დაუსახა ხელისუფლებამ.
ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ხდება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რაც მთავარია - ნატოში შესასავლელად...
- მარტო ეს თუა ამოცანა, მაშინ კონტიგენტის რაოდენობა ცოტა ჭარბია.
ხელისუფლება ამ სიჭარბეზე რატომ არ ფიქრობს?
- იქნებ ძალიანაც ფიქრობს, მაგრამ არის პრობლემები და ხელისუფლების მაგივრად ვერაფერს გიპასუხებ.
რა სახის პრობლემებს გულისხმობთ?
- უამრავი პრობლემაა. დავიწყოთ მსხვერპლით - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაღაც მომენტში, ეს მივა იმ ზღვარამდე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური მიზანი გახდება უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანი.
ანუ, ავღანეთში დაღუპული 15 ქართველი ჯარისკაცი, არ არის ზღვარი?
- გასაგებია, მაგრამ ზღვარი რომ იყოს, მაშინ ეს მოსახლეობას მის ქცევას დაეტყობოდა. უფრო აქტიური პროტესტის განცდა გაჩნდებოდა, ვიდრე არის.
როდესაც შეერთებული შტატები ვიეტნამის ომში ჩაება, პრაქტიკულად, ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ფრანგებს. მერე მოხდა რაღაცნაირად მათი შენაცვლება. ეს ომი, ამერიკელ ხალხში გარკვეულ ზღვრამდემხარდაჭერით სარგებლობდა. მერე, უბრალოდ, როდესაც მსხვერპლის რაოდენობა, მივიდა იმ დონეზე, რომ საზოგადოების აზრით ეს აღარ იყო ადექვატური იმ პოლიტიკური მიზნებისა, ამ ომის საწინააღმდეგოდ მძლავრი მოძრაობა დაიწყო.
ერთხელ მოვიყვანე ეს მაგალითი - არაჩვეულებრივი მოკრივე, მუჰამდედ ალი, რომელმაც უარი განაცხდა, ვიეტნამში ამერიკის დროშა ყოფილიყო, რის გამოც პრაქტიკულად უარი თქვა თავის კარიერაზე, სტატუსზე და ყველაფერზე. მას ამაზე საკუთარი პოზიცია ჩამოყალიბებული ჰქონდა - იქ რომ წავიდე, ამით მაგალითს მივცემ უამრავ ამერიკელ ახალგაზრდას, წავიდეს ომში და მე ამის გაკეთება არ მინდაო.
რაც შეეხება დაღუპული ჯარისკაცების ჩამოსვენებას, მისაღებია ასე ჩუმად ამის გაკეთება მაშინაც კი, როცა 4 ჯარისკაციერთდროულად იღუპება?..
-არ არის კარგი! ჯერ ერთი, თუ ადამიანი წასულია სამშობლოს გამო და სამშობლოს დიადი მიზნის აღსასრულებლად (ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ეს სიტყვა), ბუნებრივია, იმსახურებს იმას, რომ ცოტა სხვანაირი დახვედრა ჰქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ჩამოვა - ჯანმრთელი, დაჭრილი თუ, ჩამოასვენებენ.
უცხოური მედიით ყოველთვის შუქდება, როგორ მიაგებენ დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. რატომ არის ჩვენთან განსხვავებული მიდგომა?
- გასაგებია, და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამის გადაწყვეტილებას იღებენ, მათაც მიაჩნიათ, რომ ეს ჭარბი მსხვერპლია. რაღაცნაირად ფიქრობენ, რაღაც მეთოდით ისე გააკეთონ, რომ ამ პროცესებმა ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს. არგახმიანების მიუხედავად, ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი არ იმალება. უბრალოდ, მათდამი ასეთი დამოკიდებულება მათი ღვაწლის მნიშვნელობის ნაკლებად დაფასებას ნიშნავს.
მაგრამ ვიმეორებ - თხუთმეტი დაღუპული მართლა დიდი მსხვერპლია. პოლიტიკური მიზანი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ეს მსხვერპლი გამართლებული იყოს. რეალური პოლიტიკური მიზანი, ვფიქრობ, არ ვიცით. აი რაშია საქმე. დაჭრილთა გაცხადებული რაოდენობა, კონტიგენტის რიცხვი და მსხვერპლი, რომელიც კონტინგენტის გაზრდის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება - არის ჭარბი. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
რას გულისხმობთ?
- იმ პრობლემას, რომ კონტიგენტი გაიზრდება. მსხვერპლიც მეტი იქნება. რაღაც მომეტში მივა იმ ზღვრამდე, რომ ვერ შეძლებს იმავე მეთოდით მოქმედებას, როგორითაც დღეს ხელისუფლება მოქმედებს.
დაჭრილთა რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებაც პოლიტიკური ამოცანის ნაწილია?
- შეიძლება ვიცით, შეიძლება - არც არავინ მალავს რამეს. მაგრამ არის ნდობის საკითხი, უბრალოდ, ჩვენ არ ვენდობით ოფიციალურ მონაცემებს, ამიტომ რთულია ინტერპრეტაციის გაკეთება. სავარაუდოდ, ჩვენ ვთვლით ასე: თუ დაღუპულია 15 ჯარისკაცი, ალბათ სამჯერ მეტი უნდა იყოს დაჭრილი, სამიდან - შვიდამდე, ეს არის ზოგადი პროპორციები. სხვადასხვა სახის დაზარალებული კიდევ ცოტა მეტი უნდა იყოს. ვინც ჩამოვა, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ სხვა სტატისტიკა აქვს. ამიტომ, რთული საკითხია. სავარაუდოდ, დაჭრილთა რაოდენობა ალბათ მეტია. ზუსტად არ ვიცით, ამიტომ ვთქვი სავარაუდოდ.
ავღანეთში წასულ ჯარისკაცთა უმეტესობა დაბალი სოციალური შეძლების ოჯახიდან არის. საგულისხმოა ისიც, რომ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს გაცილებით დაბალი ანაზღაურება აქვთ ვიდრე სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. რატომ?
- ძირითადად, ყოველთვის ასე იყო - ჯარში კონტრაქტით მოდიოდა ის ადამიანი, ვისაც სოციალურად ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა, ეს არ აისახებოდა მათ სამსახურზე და პატრიოტიზმზე. გასამრჯელოს ამერიკელი რატომ იღებს მეტს და... იმიტომ, რომ ამერიკა უფრო მდიდარი ქვეყანაა. ძალიან მარტივია.
ჩვენ ჯარი კოალიციაში მოქმედებისთვის გავაგზავნეთ... კი არ გვიჩუქებია ვინმესთვის! იმათ კი - არ უქირავებიათ ჩვენი ჯარი. სახელმწიფო აგზავნის და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი ანაზღაურებაც.
ამერიკას შეუძლია გაუწიოს დახმარება შეიარაღებაში, გადაადგილებების საშუალებებში, სამედიცინო მომსახურებაში... ანუ უამრავი სფეროა, რაზედაც, როგორც ჩანს, ჩვენები დამოკიდებულები არიან.
რატომ ხდება ჩვენი მხრიდან კონტიგენტის გაზრდა მაშინ, როდესაც აშშ კონტიგენტს 33 000 ჯარისკაცით ამცირებს?
- ხომ გეუბნებით, რომ ჩვენ არ ვიცით, ზუტად რა პოლიტიკური ამოცანა დგას სახელმწიფოს წინაშე. სამხედრო თვალსაზრისით, როდესაც გარკვეული კონტიგენტი გადის, რაღაც კონტიგენტი ხომ უნდა შეენაცვლოს მას? 33 000 ამერიკელი სამხედრო თუ გადის, მას 900 ქართველი ვერაფრით შეენაცვლება. ჩვენ ისიც არ ვიცით, იქ, ადგილზე, რა პოლიტიკური ამოცანები დგას.
ავღანეთის ოპერაცია დროში საგრძნობლად გაიწელა. ფიქრობთ, რომ აშშ ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა?
- როცა დაიწყო, მაშინაც ჩანდა, რომ ეს ოპერაცია დროში გაიწელებოდა. ვინც ამას ვერ ხედავდა, მას უბრალოდ არ უნდოდა ამის დანახვა. ამ ომიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა და ფაქტია, რომ უკვე აღარ არის გამარჯვებული. მაგრამ არა მარტო ამერიკა, მთელი ევროპაა ჩათრეული.
ჩვენ ვისაუბრეთ მსხვერპლის რაოდენობის ზღვარზე... იგივე ამერიკა-ნატოსთვის არ არსებობს ეს ზღვარი?
- როგორ არ არსებობს! ამ ზღვარს გადააჭარბეს და ამიტომაც გამოყავს ამერიკას ჯარი, თორემ იქ, მათ საქმე არ დაუმთავრებიათ. მე მგონი, ჯარის გამოყვანა უფრო მალე მოხდება, ვიდრე ეს ჩაფიქრებული იყო.
რა განაპირობებს ამას?
- აქამდე ისე ჩანდა, რომ იქ საზოგადოება დაშლილი იყო. გარკვეულწილად, ავღანეთში იყო ხალხი, რომელიც ემხრობოდა, რომ თალიბანი არ ყოფილიყო და გარკვეულწილად პირობითად პროდასავლური იყო ხალხი, რომელიც ამას არ ურიგდებოდა. ისინი არ ჩანდნენ - ესენი ჩანდნენ. აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ საკუთარი ძალებით ავღანეთს უნდა შეძლებოდა თავისი პრობლემების, მათ შორის - სამხედროს საკითხის მოგვარება. მერე მოვლენები ისე განვითარდა და განსაკუთრებით ბოლო პროცესები, (ვგულისხმობ წმინდა წიგნების დაწვას), რაც არცერთ ნორმაში არ ჯდება და რაც დაუშვებელია, და ამან საერთო სახალხო პროტესტი გამოიწვია. არის იმ ხალხში, რაღაც, რაც, ყველაფრის მიუხედავად, მათ აერთიანებთ. ამიტომ, უახლოეს მომავალში ამ ხალხის ასეთნაირად შეჩერება შეუძლებელი გახდება.
ანუ, შეიძლება ავღანეთში პროცესები უმართავი გახდეს?
- უმართავს ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება უფრო მეტად დააჩქაროს პროცესები. ჩვენ ვნახეთ, რომ მოხდა მრჩევლების და სამოქალაქო პირების გაყვანა, რადგან მთლიანად დაუცველები არიან. ანუ, ის პროგრამები, რომლებსაც ეს მრჩევლები ემსახურებოდნენ დაიხურა.
ამ ფონზე, იქ მყოფ სამხედროებს მეტი საფრთხე ემუქრებათ?
- ბუნებრივია, და შეიძლება დაიწყონ სამხედროების გაყვანა. თუმცა, თვითონ გაყვანის ოპერაცია იქნება ძალიან რთული - რა ტერიტორიით გაიყვანენ, ვინ გაატარებს... მიმოვიხედოთ: გარშემო არის ჩინეთი, ინდოეთი, პაკისატანი და შუა აზია. შუა აზია მიბმულია რუსეთზე. ვინ მისცემს კორიდორს? ავიაციით გამოიყვანენ ყველაფერს თუ როგორ - რთული საქმეა. იქ მყოფი სამხედროებისთვის ახლა მეტად რთული მომენტია.
ჩვენი სამხედროები, ამერიკელებთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილში ჰელმანდში არიან. მათი მომზადების დონე ასეთი მაღალია?
- ჩვენ არ ვიცით, როგორი გაწვრთვნილია ჩვენი ჯარი, მაგრამ რადგან თვითონ ამერიკელები წვრთნიდნენ იმ კონტიგენტს, რომლიც იქ უნდა ჩასულიყო, მათ ეს კონტიგენტი გვერდში ამოიყენეს. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ნდობა აქვთ. ისინი თვლიან, რომ ქართველი სამხედროები საკმარისად არიან გაწვრთვნილნი, რომ მათთან ერთად იდგნენ ამ წერტილში. ამაში ცუდი არაფერია.
ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ იმ ტიპის სამხედრო გამოცდილება, რასაც ჩვენი სამხედროები, ერაყში და ავღანეთში იღებენ ქვეყნის საჭიროებისთვის ნაკლებად გმოსადეგია..
- გააჩნია, რა ამოცანისთვის უნდა გამოიყენო ჯარი. შენ თუ გინდა, რომ იქ ნამყოფი კონტიგენტი პატრულირებისთვის, ობიექტების დასაცავად, საოკუპაციო რეჟიმის უზრუნველსაყოფად გამოიყენო, მაშინ - გამოგადგება. თუ სხვა ამოცანებისთვის გინდა, მაშინ - არ გამოდგება. ყველა ამოცანას სპეციფიკური უნარ-ჩვევა ჭირდება, რაშიც წვრთვნის შინაარსი მდგომარეობს.
რაც შეეხება ნატოში შესვლას... ავღანეთის მისიაში მონაწილეობა არის რაიმე სახის გარანტი?
- ნატოში შესვლა არ არის მარტო ქვეყნის სურვილი. მიღება პოლიტიკური საკითხია, რომელიც 26 ქვეყნას შორის წყდება. ამიტომ ეს საკითხი ერთმანეთზე ცალსახად მიბმულია.
ხელისუფლებას ჩიკაგოს სამიტის გარკვეული მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნატოში ვინმეს მიღების საკითხი არ განიხილება..
ახალი წევრის მიღება ნატომ დიდი ხნით გადადო. ეს ჯერ კიდევ წლების წინ გამოიკვეთა, როცა ცოტა უფრო ახლო ურთიერთობაში ვიყავი ამ სტრუქტურებთან. მაშინ განიხილებოდა საკითხი, თუ სად არის ის ზღვარი, სადაც ნატომ გაფართოება უნდა დაამთავროს. შორეულ მომავალზე ძალიან რთულია საუბარი.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენი სამხედროები იმ ქვეყნების სამხედროების მცირე ჩამონათვალშია, რომლებსაც ავღანეთში დამოუკიდებლად მოქმედების უფლება აქვთ. შეიძლება ეს ასე იყოს?
ეს ცოტა გდაჭარბებული მგონია... „დამოუკიდებელში“ ეტყობა იგულისხმა ის, რომ როდესაც ოპერაცია დაიგეგმება, ქართველებს შეუძლიათ ამ ოპერაციის ფარგლებში იმოქმედონ თავიანთი მეთაურების და არა სხვა მეთაურების დაქვემდებარებაში.
რას ნიშნავს „დამოუკიდებელი“?არსებობს კოალიციის შტაბი, რომელიც დავალებებს, ამოცანებს, გამოსაყოფ რესურს განსაზღვრავს.
რა პარალელის გავლება შეიძლება თქვენის მინისტრობის დროინდელ ჯარსა და დღევანდელს შორის?
არ მინდა პარალელის გავლება, რადგან ორი სხვადასხვა სტრუქტურაა, ორ განსხვავებულ ეპოქაში მოქმედი და ორი განსხვავებული რესურსით.
ნატოსკენ, დასავლეთისკენ სწრაფვა, იგივე - კოსოვოს მისია, ხომ თქვენს დროს დაიწყო?
- არა, ჩემამდე დაიწყო. საქართველო 1994 წლიდან მონაწილეობს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში. კოსოვოს მისია კი მე დავიწყე, იქაც პოლიტიკური სირთულეები იყო. ქვეყნის შიგნითაც ბევრი იყო წინააღმდეგი, უბრალოდ, რაღაცნაირად გადავძალეთ ეს ყველაფერი.
მაშინ ეს პროცესი, მსხვერპლის გარშე დასრულდა. რა მიიღო ამ ოპერაციაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა?
- კოსოვოს მისიაში მონაწილეობას რამდენიმე პლუსი ჰქონდა და მათ შორის - პოლიტიკური. პირველ რიგში - დროშის ჩვენება. მეორე - ჩვენ გვედო ვალდებულებაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილეობა და მერე, როცა ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპზე გადავედით, ვალდებულება გვქონდა, უზრუნველგვეყო ქვეყნის შინგით სამშვიდობო ბატალიონის შექმნა.
ბატალიონის შექმნა რთული საქმეა. გარდა იმისა, რომ გჭირდება სპეციფიკის მცოდნე ოფიცრები, რომლებიც მაშინ ნაკლები იყო, ასევე გვჭირდებოდა საკმაოდ სოლიდური მატერიალური ბაზა. ამიტომ, ასეული, რომელსაც სხვადასხვანაირი კომპოზიციით უშუალოდ კოსოვოს მისაში მონაწილეობისთვის ვაგზავნიდით, იყო შესაძლებლობის მაქსიმუმი.
კოსოვოს მისიის მონაწილენი 3 ან 4-თვიან მომზადებას გერმანიაში გადიოდნენ. იმ ბრიგადის შიგნით, რომელთანაც უნდა ემსახურათ. პრაქტიკულად, ჩვენ უკან ვიღებდით მზა ასეულს, რომელიც ამ მისიისთვის სერიოზულად იყო მომზადებული და ვიყენებდით ქვეყნის შიგნით, დამკვირვებლების სახით, ძირითადად ცხინვალის მიმართულებაზე და კოდორშიც.
ეს არ იყო დიადი ამოცანა და ჩვენ ილუზია არაფრის გვქონდა გარდა იმისა, რომ ვსარგებლობდით. თუმცა, ძალიან კარგი გამოცდილება იყო. პირდაპირ გეტყვით, რომ ამის შემდეგ, როცა გაჩნდა ერაყის მისიის შესაძლებლობა, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ის მისიაც.
თუმცა, საბოლოდ ისე მოხდა, რომ ის რესურსი, მომზადებული კადრები თავდაცვის უწყებიდანგანიდევნა...
- სამხედრო ხელმძღვანელობა და სამხედრო სტრუქტურის ფუნქციონირებაც მმართველი ელიტის პოლიტიკური გემოვნების საკითხია. თუ მათ მიაჩნიათ, რომ რაღაცა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაღაც დონე დაითხოვონ მთლიანად და რაღაც დაიტოვონ, ამას აკეთებენ.