უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, - ამის შესახებ კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე დეტალურად გაიარეს ყველა საკითხი, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
"განხილული იყო მსოფლიოში ტერორიზმის კუთხით შექმნილი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მთელი რიგი მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. ბუნებრივია, დეტალებზე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე და იმ ზომების გატარებას, რომელიც შედის მათ ფუნქციებში. უსაფრთხოების თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ჩვენ პერიოდულად გვექნება შეხვედრები, ინფორმაციის წარდგენა, გაანალიზება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ამასთან, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ხაზს უსვამს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედის.
"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ის შედის უსაფრთხო ქვეყნებსი ათეულში. მართლაც ძალიან ბევრი კეთდება ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.