პარიზში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, ერთი ეჭვმიტანილი გაიქცა

პარიზში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, ერთი ეჭვმიტანილი გაიქცა

საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პარიზის ტერაქტების სერიასთან კავშირში ეჭვმიტანილი მიმალვაში იმყოფება.

როგორც რადიოსადგური „RTL“ იუწყება, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც პარიზის ტერაქტებთანაა კავშირში, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებს გაექცა.

პარიზში, სენ-დენის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავებმა 3 ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს, ხოლო 5 ეჭვმიტანილი დააკავეს.

ორმხრივი სროლისას 4 პოლიციელი დაიჭრა, თუმცა ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება.

18 ნოემბრის დილას, საფრანგეთის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა სენ-დენის რაიონში ოპერაცია დაიწყო, სადაც ერთ-ერთ სახლში 13 ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებული ტერორისტები იმალებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორ აბდელჰამიდ აბააუდის დაკავების მიზნით ჩატარდა.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.