ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ხვალ პრაღაში შეხვდებიან

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ხვალ პრაღაში შეხვდებიან

პრაღაში ხვალ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, შეხვედრაზე აღნიშნულ ფორმატში დიალოგის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილება.

"ჩვენ გვაქვს იმთავითვე შეთანხმებული დღის წესრიგი, ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, გარკვეული ჰუმანიტარული სახის პრობლემები და ამ თემებზე იქნება საუბარი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ბოლო ხანს რამდენჯერმე გაკეთდა კომენტარი სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის და ხვალინდელ შეხვედრაზე რუსული მხარისგან მოისმენს, თუ რას გულისხმობენ ამაში, როდიდან შეიძლება მოხდეს გამარტივება და ა.შ.

პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის გარდა, ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შედიან.