ამხანაგური მატჩი გერმანიასა და ნიდერლანდების შორის არაერთი გაფრთხილების გამო გადაიდო. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, ჰანოვერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თამაშის გაუქმების ინიციატორი სწორედ ის იყო. დე მეზიერს არ დაუსახელებია ის საფრთხეები, რომლის გამოც ჰანოვერის სტადიონზე გუშინ დაგეგმილი თამაში გადაიდო, თუმცა ჰანოვერის პოლიცია აცხადებდა, რომ მატჩი ტერაქტის საშიშროების გამო გააუქმეს.
ჰანოვერში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, რომელიც მატჩის გაუქმების შემდეგ ბერლინში დაბრუნდა.
თავის მხრივ, ქვემო საქსონიის შს მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სტადიონზე ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, საქმესთან დაკავშირებით არავინ არის დაკავებული. პისტორიუსმა ასევე უარი თქვა იმ ინფორმაციის კომენტირებაზე, რომლის თანახმად, ჰანოვერის სტადიონის სიახლოვეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში ბომბი აღმოაჩინეს.
გერმანული გამოცემა "ბილდი" და "შპიგელ ონლაინი" კი იტყობინებიან, რომ ამხანაგური მატჩის გაუქმების მიზეზი ტერაქტის საშიშროება გახდა, რომლის შესახებ გერმანულ სპეცსამსახურებს ფრანგმა კოლეგებმა აცნობეს. "ბილდის" ცნობით, მატჩამდე დაახლოებით 30 საათით ადრე, გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ტერაქტის მოწყობას გეგმავდა დაჯგუფება, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ჩრდილო აფრიკიდანაა. სპეცსამსახურებისთვის მისი ვინაობა ცნობილია. ამის პარალელურად, ფრანგულმა მხარემ მიაწოდა გერმანელებს ინფორმაცია, რომ სტადიონზე თავდასხმას ერაყელი ტერორისტი გეგმავდა.
ამხანაგური მატჩის გამართვა გერმანიასა და ნიდერლანდებს შორის ჰანოვერში გუშინ საღამოს იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 13 ნოემბერს, გერმანია-საფრანგეთის ამხანაგური მატჩი ტერაქტების გამო ჩაიშალა, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ნიდერლანდებთან თამაში არ გააუქმა. თუმცა, თამაშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე, მატჩი გააუქმეს.