საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი - თქვას, რომ საქართველო მზად არ არის, - ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა დონალდ იენსენმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
"ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს იმპულსების მთელი რიგი, რომელთა ნაწილიც რუსეთს უფრო ძლიერ როლს ანიჭებს, ვიდრე ეს ამ იმპულსების გარეშე იქნებოდა. არსებობს ბიზნესკავშირები რუსეთთან, არის კორუფცია, რომელსაც რუსეთი წაახალისებს, არსებობს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და საზოგადოების ნაწილი, რომელიც უფრო ღიაა რუსული მესიჯების მისაღებად. მთლიანობაში ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს და დასავლეთიც, რაღაც გაგებით, დაიღალა ამ ყველაფრისგან. საქართველო, თავისი უახლესი ისტორიის გამო, არ არის ისეთი მშვიდი და კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორიც მაგალითად პოლონეთია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი _ თქვას, რომ საქართველო მზად არ არის", - განაცხადა დონალდ იენსენმა.
იენსენი წუხს, რომ მოსახლეობის მესამედი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირს, თუმცა ამბობს, რომ ეს მესამედია, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენ 70%-ს არ სურს ევრაზიული კავშირი.
"თანამედროვე პლურალისტულ ქვეყანაში ეს საგანგაშო მაჩვენებელია, ვიმედოვნებთ მაჩვენებელი არ გაიზრდება. ვფიქრობ, მთავრობას და დასავლეთს ძალუძთ ამ მაჩვენებლის მართვა. ვერ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ყველანი შევთანხმდებით, მაგრამ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მთავრობა თანმიმდევრულად იმუშავებს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად, რათა აჩვენოს დასავლეთის უპირატესობა და ის, რომ რუსეთთან სიახლოვეს სასიკეთო არაფერი მოაქვს", - აღნიშნა იენსენმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მთავარი კურსი მაინც დასავლეთი იქნება.