იუსტიციის მინისტრი დღეს მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს წარადგენს

იუსტიციის მინისტრი დღეს მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს წარადგენს

საპროკურორო საბჭო 19 ნოემბერს მთავარი პროკურორობის კანდიდატს შეარჩევს. არჩევნებზე დაკვირვების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 19 ნოემბრის 10.00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნები იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დღეს იუსტიციის მინისტრი იმ სამი კანდიდატის ვინაობას გაასაჯაროებს, რომლებსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. გამოქვეყნდება მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება, რომლებიც, კანონის შესაბამისად, უნდა დასაბუთდეს.
იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებენ. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევის პროცედურა ღია და გამჭვირვალეა და მასზე დასწრება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს. 
"მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებზე დაკვირვების მსურველები 19 ნოემბრის 10.00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) უნდა გამოგზავნონ ელექტრონული წერილი მისამართზე info@justice.gov.ge და განაცხადონ, რომ სურთ, დააკვირდნენ მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებს; მიუთითონ დამკვირვებლის სახელი და გვარი, აგრეთვე, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენენ. მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ტარდება. კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს ხმათა 2/3-ით ფარული კენჭისყრით ირჩევს. სამივე კანდიდატურას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. საპროკურორო საბჭოს წევრებს დაურიგდებათ სამი ბიულეტენი. თითოეულში მითითებული იქნება მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრები თითოეულს ცალ-ცალკე მისცემენ ხმას. არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრები სამივე ბიულეტენს ერთ კონვერტში მოათავსებენ და საარჩევნო ყუთში ჩაუშვებენ. 
ხმის მიცემის მსგავსად, ღიაა ხმების დათვლის პროცესიც. საარჩევნო ყუთი კენჭისყრის დასრულებისთანავე გაიხსნება. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. 
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუკი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საჭირო ხმების მოგროვება, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს კენჭი მეორე ტურში ეყრება. 
საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. 
იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა. ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეხვედრების შესახებ თითოეული შეხვედრის დასრულებისთანავე განთავსდა საპროკურორო საბჭოს საიტზე – pc.gov.ge", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.