გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემა სახელფასო დანამტებით შეიცვალა.
თორდიას შეფასებით, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო.
როგორც გენერალურმა აუდიტორმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რეგიონული განვითარების სამინისტროში დანამატების გაცემის ოდენობა 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროში – 206%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში – 412%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ით, დევნილთა სამინისტროში 35%-ით, ჯანდაცვის სამინისტროში – 270%-ით.
მისივე თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ქვეყანაში პრემია ან დანამატი არსებობდეს, მაგრამ აღნიშნული ფულადი განაცემები უნდა იყოს დარეგულირებული ისე, როგორც არის მოცემული შესაბამის ბრძანებაში და დადგენილებში, ანუ ადამიანები უნდა იღებდნენ პრემიებს, მაგრამ ყველა პრემია უნდა იყოს დასაბუთებული, რისთვის, რა გასამრჯელოსთვის აიღო საჯარო მოხელემ აღნიშნული პრემია. ასევეა დანამატის საკითხიც – არ შეიძლება წინასწარ, ერთი წლით ადრე განსაზღვროს რომელიმე თანამდებობის პირმა ის, რომ საჯარო პირმა ყოველთვიურად სახელფასო დანამატი უნდა აიღოს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.