ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, საფრანგეთს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისი თქმით, დეტალებს პარიზში, ორმხრივ ფორმატში განიხილავენ.
„დღეს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა და მზაობა, რომ საფრანგეთს აუცილებელი დახმარება აღმოუჩინონ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ევროკავშირს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების თხოვნით მიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს მოუწოდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ევროკავშირის 42.7 მუხლის ამოქმედების თხოვნით მიემართა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდება, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინონ ყველა დასაშვები საშუალებით.
13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.