ფრანგული სატირული ჟურნალი Charlie Hebdo ახალი სკანდალური ნომრის გამოსაშვებად ემზადება. ჟურნალის ხვალინდელი ნომრის ყდაზე იქნება დახვრეტილი ადამიანი, შამპანურის ჭიქით ხელში.
ყდაზე დატანილია წარწერა - „მათ აქვთ იარაღი, მაგათი დედაც - ჩვენ შამპანიური გვაქვს“!
ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც 2015 წლის იანვარში თავად გახდა ტერორისტების სამიზნე, პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიას ჟურნალის ახალი ნომრით ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალის რედაქციაზე, რომელმაც მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურები დაბეჭდა, ისლამისტთა თავდასხმას ჟურნალის 12 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.