ვლადიმერ პუტინი სირიაში ავიაიერიშების გაძლიერებას ითხოვს

ვლადიმერ პუტინი სირიაში ავიაიერიშების გაძლიერებას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის პირად კონტროლზე აიყვანს სირიაში განხორციელებულ იერიშებს.

აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეგვიპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი ავიალაინერ А321-ის კატასტროფას, ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

„ჩვენი სამხედრო ავიაციის იერიშები სირიაში უნდა არა მხოლოდ გაგრძელდეს, არამედ ეს უნდა გაძლიერდეს ისე, რომ დამნაშავეებმა გააცნობიერონ, რომ ანგარიშსწორება გარდაუვალია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ ის პირადად გააკონტროლებს, თუ როგორ მიდის მუშაობა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ავიალაინერ А321-ის კატასტროფა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბუგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი "Airbus A321" სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 217 მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა.