პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კერძო კომპანიების და ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერა კანონის სრული დაცვით ხდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ტყემალაძემ ერთ-ერთი მედია-საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში 72 მილიონზე მეტი ლარი კერძო კომპანიების თუ ფიზიკური პირების მხრიდან ჩაირიცხა.
"ბიუჯეტის მხარდაჭერა კანონის სრული დაცვით ხდება და ჩვენს ოპონენტებს ეს საკითხი გასაკრიტიკებლად არ გამოადგებათ. ბიუჯეტში თანხა გადარიცხულია არა იძულებითი წესით, არამედ ნებაყოფლობით. შეგიძლიათ, ყველა გადამრიცხავი ორგანიზაცია მოიკითხოთ", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობა ბიზნესის წახალისებასა და დახმარებას ცდილობს.