პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო საფრანგეთის ხელისუფლება დახმარების თხოვნით ოფიციალურად ევროკავშირს მიმართავს. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, დღეს გაკეთდება.
ოფიციალური პარიზი ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 სტატიის ამოქმედებას მოითხოვს, რომლის თანახმადაც, "თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, დახმარება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ".
პარიზში სისხლიანი ტერაქტები 13 ნოემბერს მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებს 129 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა მომხდარზე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 115 000 სამართალდამცველი და სამხედროა მობილიზებული.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა კი განაცხადა, რომ ფრანგულ სპეცსამსახურებს 10 500 რადიკალი ჰყავს კონტროლზე აყვანილი. ყველა მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პიროვნებადაა მიჩნეული.