რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღება დაიწყო. უწყება ვითარების ნებისმიერი ესკალაციისთვის მზად არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს და ტერორიზმთან კავშირში მყოფ პირთა გამოვლინებისა და "ნეიტრალიზების" მიზნით, ღონისძიებებს ატარებს.
როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ეს განცხადება რუსეთის შსს-ს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი მზად არის, ტერაქტების აღკვეთის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიიღოს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, 31 ოქტომბერს, ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ბორტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება გახდა. შესაბამისი განცხადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა, კრემლში, კატასტროფის გამოძიების შედეგებისადმი მიძღვნილი თათბირზე გააკეთა. შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომლის განცხადებით, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს "დედამიწის ნებისმიერ წერტილში იპოვიან და დასჯიან.