"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარიზში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს კიდევ ერთხდელ მიუსამძიმრეს.
"ამ ურთულეს წუთებში ჩვენი ვალდებულებაა პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ვიდგეთ საფრანგეთის სახელმწიფოსა და ფრანგი ხალხის გვერდით. ეს ტრაგედია ნიშნავს იმას, რომ ტერორიზმთან ბრძოლა გადავა ახალ და გადამწყვეტ ფაზაზე, საქართველოს მომავალი კი მთლიანად დამოკიდებული იქნება ამ ბრძოლის წარმატებაზე, ასევე იმაზე, რამდენად ვიქნებით ჩვენ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნების კოალიციის ნაწილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურად მთლიანად ვუერთდებით იმ ბრძოლას, რომელსაც თავისუფალი სამყარო აწარმოებს ტერორიზმის წინააღმდეგ. თუმცა, გარდა ამისა, ამ ტრაგედიას აქვს ძალიან მძიმე ადამიანური განზომილებაც და ამ უმძიმეს წუთებში ჩვენი ფიქრი არის დაღუპულებთან, მათი ოჯახის წევრებთან და ფრანგ ხალხთან", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის საფრთხეების ასაცილებლად, დავით ბაქრაძის აზრით, ამისთვის საჭიროა სპეცსამსახურების კოორდინირებული მუშაობა.
"ამისთვის საჭიროა სპეცსამსახურების კოორდინირებული მუშაობა, რეალურ საფრთხეებზე ფოკუსირება და არა ოპოზიციის დევნა და ოპოზიციონერი დეპუტატების დაბარებაზე დროის დაკარგვა. ამისთვის საჭიროა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ევროპული მიმართულება, ჩვენი თანამშრომლობა ევროპულ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებთან, ვინაიდან, საქართველოს უსაფრთხო მომავალი ემყარება შემდეგს: ეს არის ერთიანი, შერიგებული, კონსოლიდირებული და ევროპული სახელმწიფო. სწორედ ეს არის რეცეპტი საქართველოს მომავალი უსაფრთხოების. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების, კონსოლიდაციის გაძლიერებისა და საქართველოს ევროპული კურსის გამყარების მიმართულებით", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.