ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, ასოცირების საბჭომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა.
„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის რუსეთის მიერ ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმების გამო, რაც აღრმავებს მასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ინტეგრაციას და ასევე, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უკანონო ბანერების განთავსების გამო, რასაც გავლენა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, საარსებო წყაროსა და გადაადგილების თავისუფლებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მტკიცე მხარდაჭერა მშვიდობის, სტაბილურობის და კონფლიქტის გადაწყვეტის მიმართ და აღნიშნა მისი პოლიტიკა არაღიარების და საქართველოში ჩართულობის თაობაზე.
„ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირის თანა-თავმჯდომარეები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ცხადი და არსებითი ნიშნებია ამ ვალდებულების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შემდგომი მხარდაჭერა დაყოფილ ჯგუფებს შორის ადამიანური კონტაქტების და ნდობის აღდგენის მიმართულებით, კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში და წაახალისა შერიგების ძალისხმევა.
ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა 16 ნოემბერს გამართეს. ასოცირების საბჭო უმაღლესი ფორმალური ორგანოა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობისთვის შეიქმნა.