რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფასთან კავშირში მყოფი პირების მოსაძებნად, ზომების მიღება დაიწყეს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა.
უწყების ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
"ჩვენი სპეციალისტების შეფასებით, საჰაერო ხომალდის ბორტზე ამოქმედდა ერთი კილოგრამი ტროტილის ექვივალენტის სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა. სწორედ ამის გამო, თვითმფინავის ფუზელაჟის ნაწილები დიდ მანძილზე გაიფანტა", - განაცხადა ბორტნიკოვმა.
როგორც მან ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების შედეგებს მიძღვნილ თათბირზე განაცხადა, რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტერორისტული აქტი იყო.
ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321-ი სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა მომხდარზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.