ტერორისტებს, რომლებსაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებასთან აქვთ კავშირი, დედამიწის ნებისმიერ წერტილში იპოვიან, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ეგვიპტეში, რუსული ავიალაინერის Airbus-321-ის კატასტროფის გამოძიების შედეგების შესახებ თათბირზე გააკეთა.
"სინაიზე ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, მსხვერპლთა რაოდენობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დანაშაულია. ჩვენი სულისა და გულის ცრემლებს ვერ მოვიწმინდავთ. ეს ჩვენში სამუდამოდ დარჩება, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის, ვიპოვით და დავსაჯოთ დამნაშავეები. ჩვენ მათ ყველგან მოვძებნით, სადაც არ უნდა დაიმალონ. დედამიწის ნებისმიერ წერტილში მივაგნებთ და დავსჯით", - განაცხადა პუტინმა.
როგორც თათბირზე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, ავიაკომპანია "კოგალიმავიას" კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა, რომლის სიმძლავრე ერთი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენთს აღწევდა.
"ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტერორისტული აქტია", - განაცხადა ბორტნიკოვმა.
რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321-ი, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანქთ პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.