ძალიან მალე ყველა ავტომფლობელს საკუთარ მანქანის სავარძელზე მიაჯაჭვავენ. ღვედების კანონპროექტი ისეთი სისწრაფით იხილება პარლამენტში თითქოს, ქვეყნისთვის სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი წყდებოდეს. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლება შეღავათების დაწესებას არ აპირებს არავისთვის, მათ შორის არც საპატრულო ეკოპაჟებისათვის.
საპარლამენტო უმცირესობა ღვედის გამოყენების ვალდებულების დანერგვისთვის სოფლებში გარკვეული ვადის მიცემას ითხოვს. ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის თქმით, სოფლებში მანქანების უმეტესობას ღვედი საერთოდ არ გააჩნია და გაჭირდება აღნიშნული ვალდებულების შესრულების ადმინისტრირება. გარდა ამისა, ამ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას ტექდათვალიერების შემოღება დასჭირდება.
ვეფხვაძე ითხოვს, ეს ვალდებულება პირველ ეტაპზე შეეხოს ქალაქებსა და დაბებს. სოფლებში კი მიეცეთ გარკვეული პერიოდი, რათა უზრუნველყონ მანქანების ღვედებით აღჭურვა.
ამ მოთხოვნას კი საპარალმენტო უმრავლესობა არ იზიარებს. როგორც იურიდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდიამ განაცხადა, პოლიციას უკვე მიეცა შესააბამისი დირექტივა, წინასწარ გააფრთხილოს მოსახლეობა და კანონის ამოქმედებამდე დარჩენილია ვადა, რაც საშუალებას მისცემს მათ, აღჭურვონ მანქანები ღვედებით.
მისი თქმით, ღვედის უქონლობის შემთხვევაში მძღოლები პირველივე გამოვლენისას არ დაჯარიმდებიან. პირველ ეტაპზე მოხდება მათი გაფრთხილება და დაჯარიმება უკვე განმეორების შემთხვევაში მოხდება.
თუმცა ამ ყველაფერს და ვადების საკითხსაც კანონპროექტის მეორე მოსმენისთვისთვის დააკონკრეტებენ. დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ პროექტის მეორე მოსმენისთვის ვადებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდებიან და პროექტში შესაბამის დათქმასაც ჩაწერენ, რომელიც სოფლის მოსახლეობის მდგომარეობას არ გააუარესებს.
ღვედების გამოყენებასთან დაკავშირებით შეღავათები არ ექნებათ გარკვეული პროფესიის ადამიანებსაც. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა კოლეგებს საერთაშორისო პრაქტიკა შეახსენა, რომლის მიხედვითაც მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში ღვედების გამოყნების ვალდებულებისგან ტაქსის მძღოლები გათავისუფლებულები არიან. ტაქსის მძღოლებს ეს ვალდებულება მათივე უსაფრთხოების მიზნით არ აქვთ, რათა მძარცველებისგან თავდაცვის საშუალება ჰქონდეთ.
ამას გარდა, დეპუტატები დაეჭვდნენ, თუ რატომ უნდა იყოს სავალდებულო ღვედების გამოყენება სასწრაფო სამედიცინო მანქანებში, საპატრულო პოლიციისთვის და ა.შ.
მიუხედავად დეპუტატების სხვადასხვაგვარი პოზიციებისა, პარლამენტი გამონაკლისების დაშვებას არ აპირებს და ღვედების გამოყენება ყველა პროფესიის ადამიანს მოუწევს.
კანონპროექტის მიხედვით, ავტომანქანაში მძღოლის და მის გვერდით მჯდომი პირის მიერ ღვედების გამოყენების სავალდებულობა ძალაში კანონის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა შევიდეს. პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მეორე მოსმენით კი მას პარასკევის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.