ბაგრატის ტაძრისგან განსხვავებით, ატენის სიონში ფიზიკური სამუშაოების დაწყებას საბედნიეროდ არ ჩქარობენ. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის, რაინერ ბარტელის საჯარო ლექციის დაწყებისას, სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა – “ატენის სიონში ფიზიკური სამუშაოების დაწყებას არ ვჩქარობთ, სანამ არ იქნება ერთიანი, შეჯერებული პოზიცია და არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ პროექტში ჩართული მხარეები (ქართული და გერმანული. პრესა.გე) სწორ ნაბიჯს ვდგამთ“.
იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს ტაძარს და კვლევების პარალელურად რა ტიპის გადაუდებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, გერმანელმა პროფესორმა, რაინერ ბარტელმა, თავის საჯარო, ორსაათიან ლექციაში დაწვრილებით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა. ეს იყო გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გაკეთებული განცხადებები, რაც უნდა შეჯერდეს ქართველი სპეციალისტების პოზიციასთან და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს.
გერმანელ პროფესორს თარჯიმნობას მარიკა ლაფაური–ბურკე უწევდა, რომელიც 20 წელია ჰამბურგში ცხოვრობს, საზოგადოება “ლილეს“ (რომლის მიზანია ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება) ერთ–ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. იგი ატენის სიონის გადარჩენის საქმეში, 2004 წლიდან, გერმანელ ექსპერტებთან ერთადაა ჩართული. ამ საქმის ორგანიზაციულ მხარეს “ლილე“ უზრუნველყოფს.
ატენის სიონთან დაკავშირებულ სიახლეებს პრესა.გე უკვე წელიწადზე მეტია, რაც თვალ–ყურს ადევნებდა, პერიოდულად მასალებს აქვეყნებდა, ინფორმაციას თავს უყრიდა.
ატენის სიონის ინტერიერში არქეოლოგიური სამუშაოები სამოციან წლებში ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ ტაძარში ქვის იატაკი დაიგო. სამოცდაათიან წლებში, სუბსტრუქციასა (ბაქანზე) და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდა. ოთხმოციან წლებში ტაძარი ქვის ფილებით გადაიხურა.
2002 წელს ინტერიერში ქვებმა ჩამოცვენა დაიწყო, იმის გამო, რომ სახურავიდან წყალი ჟონავდა. ატენში სპეციალისტთა ჯგუფი ჩავიდა. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭომ სპეციალური კომისია შეადგინა, რომელიც ასევე ჩავიდა ატენის სიონში. ტელევიზიებმა გააშუქეს, რომ ატენის სიონს უჭირდა.
მოსამზადებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2002 წლის შემოდგომიდან დაიწყო – სახურავი, საიდანაც წყალი ჟონავდა, კირიანი ხსნარით დაიგოზა. სახურავის დაგოზვა არქიტექტორ–რესტავრატორ მერაბ ბოჭოიძის წინადადებით მოხდა. ამ კონკრეტული საქმისთვის თანხა – 3 000 ლარი, კულტურის იმჟამინდელმა მინისტრმა, სესილი გოგიბერიძემ გამოყო. გადახურვა მხოლოდ სამ წელზე იყო გათვლილი. დაახლოებით ამდენი ხანი ეყო კიდეც და შემდეგ სახურავიდან წყალმა ისევ დაიწყო ჩამოსვლა და დღემდე ასეთი მდგომარეობაა.
2003 წლიდან სუბსტრუქციის ნაწილი ჩამოიშალა. 2004–2007 წლებში, აშშ–ს საელჩოს დახმარებით სუბსტრუქცია ამოაშენეს (ამისთვის 30 000 დოლარი გამოიყო), მაგრამ ზედაპირი დღემდე დასამთავრებელია.
2005–2006 წლებში პოსტამენტი შეკეთდა. როგორც სუბსტრუქციის ამოშენებას, ისე პოსტამენტის შეკეთებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორ–რესტავრატორი თამარ ნემსაძე, რომელიც ოთხმოციან წლებში მუშაობდა ატენის სიონის რესტავრაციაზე.
2008 წლის დეკემბერში, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ კონკურსში, მერაბ ბოჭოიძის მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა.
2009 წელს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ატენის სიონის ზედა ბაქანზე, რომელზეც განლაგებული იყო ფეოდალური ხანის საერო ნაგებობის ნაშთები და მეთვრამეტე საუკუნის კელიები (სულ სამი კელია, გადახურვის გარეშე); აქვე იყო ატენის სიონის ზღუდის ნაშთები.
რადგან მონასტრის მშენებლობა ამ მონაკვეთზე გადაწყდა, მეუფე დავით ალავერდელის დავალებით, ამავე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები გიორგი მახარაძემ ჩაატარა.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ მიწის სიღრმე 20–25 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო ნაგებობათა კედლები კლდოვან ფერდობზე, დედაქანზე იყო დაშენებული.
არქეოლოგიური გათხრების დამთავრების შემდეგ, დასკვნას არავინ დალოდებია, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ისე ჩაჭრეს 4 მეტრის სიღრმეზე კლდის მასივი – კლდოვანი ფერდობი, დედაქანი, ტაძართან ახლოს (უახლოესი მანძილი 4 მეტრს შეადგენს და უშორესი 20 მეტრს).
გერმანელი ექსპერტები (ისევე, როგორც გარკვეული ქართველი სპეციალისტები) ატენში სამონასტრო ცხოვრების განახლებას თავიდანვე მხარს უჭერდნენ, ოღონდ გრანდიოზული მშენებლობის წინააღდეგები იყვნენ და ამასთან, განმარტავდნენ, რომ ჯერ აუცილებელი იყო მთელი კონცეფციის შექმნა, ტაძრისთვის გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ რაიმე მშენებლობის დაწყება.
გერმანელი ექსპერტების აზრით (რაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა), კლდეზე მონასტრის კელიების აშენება რეკომენდირებული არ იყო. მხოლოდ ყველა სამუშაოს დასრულების შემთხვევაში, გააზრებული მომცრო ტიპის ნაგებობების აშენების შესაძლებლობა განიხილებოდა, როგორც ესთეტიკის თვალსაზრისით, ასევე საინჟინრო რისკების გათვალისწინებით.
ვიცოდით რა გერმანელი სპეციალისტების მიდგომა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მშენებლობის თაობაზე (რის შესახებაც 2009 წლის 28
სექტემბერს პრესა.გე–ზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით – ატენის სიონის მდგომარეობამ, უცხოელი ექსპერტებიც შეაშფოთა!), საჯარო ლექციაზე პროფესორ რაინერ ბარტელს ვკითხეთ უქმნის თუ არა ატენის სიონს საფრთხეს ის სამუშაოები, რომელიც გასულ წელს, მძიმე ტექნიკის გამოყენებით ჩატარდა, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე? ჩვენდა გასაოცრად გერმანელმა პროფესორმა ასეთი პასუხი გაგვცა – “იქ ზუსტად რა ჩატარდა, მე არ ვიცი და რა თქმა უნდა, ვიბრაცია არ არის კარგი ტაძრისთვის“.
არადა, როგორც ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა, ბატონ ბარტელთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ატენის სიონში 11 ოქტომბერს იყვნენ ჩასულები; ბუნებრივია, ისინი კიდევ ერთხელ ნახავდნენ იმ ორმოებსა და ღრმულებს, რომელზეც ჩვენ მოგახსენეთ და რომელზეც გერმანელმა პროფესორმა ყურადღების გამახვილება არ ინება.
ატენის სიონის სიახლოვეს დაწყებული სამუშაოები 2009 წლის 24 სექტემბერს, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადების შემდეგ შეჩერდა, რომელიც ატენთან ერთად ბაგრატის ტაძარსაც ეხებოდა – “რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც“.
მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებისთვის ჯერ არავის დაუძახნია. ისინი არც გერმანელი პროფესორის ზემოხსენებულ საჯარო ლექციაზე მიუწვევით.
მართალია 2008–ში მერაბ ბოჭოიძის პროექტმა გაიმარჯვა, მაგრამ ამჟამად პროექტს ის არ ხელმძღვანელობს. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, იმ სამუშაო ჯგუფს, რომელმაც სარესტავრაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, ახლა თეატრმცოდნე კახა ტრაპაიძე უდგას სათავეში.
ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში, სწორედ ტრაპაიძემ მიიღო მონაწილეობა 2010 წლის 18 აგვისტოს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ვაჩეიშვილის კაბინეტში შემდგარ საქმიან შეხვედრაში, რომელშიც გერმანელი პროფესორი ანდრეას ფორმანი და სხვები მონაწილეობდნენ.
ამ შეხვედრაზე ცხადი გახდა, რომ ქართველი სპეციალისტები ნაკლებად იცნობდნენ ატენის სიონის გადარჩენის გერმანელებისეულ მეთოდს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ იზიარებდნენ და ამასთან, არ გააჩნდათ საბოლოოდ ჩამოყალიბებული კონკრეტული პროექტი, გნებავთ კონცეფცია, ან რაიმე არქიტექტურული ნახაზი. სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ტრაპაიძე ხელმძღვანელობს, გუმბათის გარშემო რკინა–ბეტონის დარტყმა უნდოდა – “სახურავი უნდა ავხადოთ და კარნიზებზე რკინა–ბეტონი დავარტყათო...“
ახლა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საბედნიეროდ, ფიზიკური სამუშაოების დაწყებას აღარ ჩქარობენ. ცნობისთვის, საჯარო ლექციაზე ტრაპაიძე არ გამოჩენილა და ხმამაღლა არანაირი უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ გერმანელი სპეციალისტების პოზიციასთან მიმართებაში; პირიქით – შევჯერდებით, ჩამოვყალიბდებით და სამუშაოებს მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებითო, განაცხადეს. 18 აგვისტოდან დღემდე რა შეიცვალა, ამაზე ბუნებრივია, იქ არაფერი უთქვამთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – კარგია ის, რომ არ ჩქარობენ და რომ პოზიციები შეჯერდება.
მაგრამ ცუდია, რომ ატენის სიონის სახურავიდან წყალი ისევ ჟონავს. ზამთარი ახლოვდება; ტაძრის სიახლოვეს, 4 მეტრის სიღრმეზე ჩაჭრილი კლდის მასივი, ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ტაძარს, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის (თუმცა, სპეციალისტების აზრით, სათანადო შესწავლის გარეშე კლდის მოჭრილი მასივის ხელისხლება მიზანშეუწონელია). შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ, ატენის სიონში ჩაბრძანდეთ და იქაურობა თქვენი თვალით დაათვალიეროთ.
პრესა.გე იმედოვნებს, რომ ატენის სიონს ვერ მოექცევიან ისე, როგორც ეს ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში მოხდა, მაშინ, როცა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი სპეციალისტები გამოთქვამდნენ პროტესტს, იქ დაწყებულ სამუშაოებზე, რაც ერთი წლისთავზე იუნესკომაც გააპროტესტა და რასაც ქართველმა სპეციალისტებმა “დაგვიანებული შეფასება“ უწოდეს.